მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დეკანის, პროფესორ ოთარ გელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დეკანის, პროფესორ ოთარ გელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

20-09-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი ოთარ გელაშვილი და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახსს და კოლეგებს.

„ჩვენ გვერდით აღარ არის ძვირფასი კოლეგა, მეგობარი, პედაგოგი და მეცნიერი, პროფესორი ოთარ გელაშვილი. მთელი თავისი ცხოვრება მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიუძღვნა და ქვეყანას ღირსეული თაობები, აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები აღუზარდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები 160-ე მეტ სამეცნიერო ნაშრომშია თავმოყრილი. ოთარ გელაშვილის ღვაწლი სახელმწიფომ სათანადოდ დააფასა და ის „წლის ინჟინრის“წოდება მიანიჭა.

ბატონი ოთარის სახელი სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში, მუდამ მადლიერებით გავიხსენებთ ჩვენს მეგობარსა და კოლეგას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს, მის აღზრდილებსა და კოლეგებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - ნათქვამია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ინფორმაციისთვის: ოთარ გელაშვილი 1983-2001წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. 2002 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორი. 1995-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის არასაბიუჯეტო სწავლების განყოფილების უფროსი. 2005 წელს ასრულებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 2006-2007წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაულტეტის დეკანის მოადგილე, სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსი. 2007-2016წწ.  სატრასნპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი. 2016-2017წწ. - დეკანის მოადგილე. 2017 წლიდან სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი. 2017 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ტრანსპორტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. 2018 წლიდან სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა" მთავარი რედაქტორი. 2004 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ტრანსპორტი" სარედაქციო საბჭოს წევრი. 2007 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერი ჟურნალის "მექანიკის პრობლემები" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2008 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი.

ოთარ გელაშვილის მიერ დამუშავებულია ავტომობილების საწვავეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლების ახალი მეცნიერული მიმართულება, რომლის შედეგები დანერგილია სხვადასხვა რეგიონის ავტოსატრანსპორტო საწარმოებში, და საქართველოს სხვადასხვა (შ.პ.ს. "საქართველოს რკინიგზა", ს/ს "თელასი" და სხვა) სატრანსპორტო კომპანიებში. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2005 წელს მიენიჭა "წლის ინჟინრის" წოდება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11