მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - მეცნიერების, განათლების, კულტურის უდიდესი ტრადიციების კერის, მისიაა მოქალაქეობრივი ცნობიერების, ეროვნული  და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, კვლევების, განათლების და ტექნოლოგიების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ეკოსისტემაში ინტეგრირებისათვის ინოვაციური საქმიანობის წარმართვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხედვა:

  • სტუ-ს ხედვა დაფუძნებულია ქართულ და დასავლურ საუნივერსიტეტო კონცეპტუალიზებაზე რომელიც ეყრდნობა ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების, სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობის, თანასწო­რობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, სწავლებისა და კვლევის პროცესის ინტერნაციონალიზაციას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო გამოცდილების არა მარტო პასიური გაზიარება, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებში  თანასწორუფლებიანი მონაწილეობა;
  • სტუ-მ დღევანდელ საუნივერსიტეტო სივრცეში დაიმკვიდროს საკუთარი უნიკალური ადგილი, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჰუმანურობის ეტოსის ჰიბრიდულ მოდელზე;
  • ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის ინტელექტუალური ბაზისის შექმნა;
  • მაღალი სტანდარტის კვლევისა და სწავლების განხორციელებისათვის ახალი ორგანიზაციული ერთეულების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური ქსელების ჩამოყალიბებას როგორც რეგიონულ, ისე ინტერნაციონალურ დონეზე. ახალი ორგანიზაციული ერთეულებია  სადოქტორო და სამაგისტრო ფაზის ფაკულტეტთაშორისი საუნივერსიტეტო სტრუქტურები (გრადუირე­ბულთა სკოლები და კოლეგიები). მაღალრეიტინგულ მკვლევართა ჯგუფები - „ექსელენს კლასტერები“ (Excellent Cluster) და ცოდნის ტრანსფერის ხელ­შემწყობი სტრუქ­ტურები, რომლებიც უზრუნველყოფს კვლევის ახალი თემების იდენტიფი­კაციას, მათ სისტემურ ხელშეწყობას და გაძლიერებას;
  • ტრადიციული ორგანიზაციული ერთეულების (ფაკულტეტი, დარგობრივი დეპარტამენტი,  სხვადასხვა ტიპის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვ.) მოდერნიზაცია და გაძლიერება, რადგან დარგობრივი და თემატური განვითარების მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია უსდ-ბის გამართული ფუნქციონირებისათვის, სწორედ ამ სტრუქტურებში ხორციელდება. იმავ­დროულად, ტრადიციული სტრუქტურები მაქსიმალურად პოზიტიურად უნდა თანამშრომლობდნენ ახალ სტრუქტურებთან, რაც მეცნიერების განვითარების კომპლექსურობისა და დინამიკურობის წინაპირობაა. ასე რომ, მატრიცული ორგანიზაციის სხვადასხვა დონე და ვარიანტები თანამედროვე უნივერსი­ტეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია;
  • ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის განვითარება, რაც ხელს უწყობს ცოდნის ახალი ველის იდენტიფიცირებასა და განვითარებას.

შესაბამისად, აუცილებელია ძველი და ახალი აკადემიური სტრუქტურების მდგრადობის შენარჩუნება და ურთიერთკოორდინაცია.

ღირებულებები:

  • უნივერსიტეტის ავტონომია ეფუძნება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტთა ერთიანობას და მოიცავს როგორც გარეშე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლობას, ისე შიგა ავტონომიურობას;
  • სტუ თავისუფალია სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებისა და ორგანიზაციების გავლენისაგან, მაგრამ ტოლერანტულად არის განწყობილი მათ მიმართ. ყოველი ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ახორციელებს აკადემიურ და სამეცნიერო საქამიანობას მის წიაღში;
  • აკადემიური თავისუფლება არის იდეა, რომელიც ითვალისწინებს თავი­სუფლების იმ სახეებს და შესაბამის პასუხისმგებლობათა რიგს, რომლებიც განსაზღვრულია უმაღლესი სასწავლებლების, მათი მასწავლებლების, ადმი­ნისტრაციისა და სტუდენტებისთვის და, უპირველესად, კვლევის, სწავლებისა და სწავლის პროცესის თავისუფლებას გულისხმობს. მეცნიერების პრიო­რიტეტულ სფეროებში ცოდნის საზღვრების გაფართოება უნდა ხორციელ­დებოდეს აკადემიური თავისუფლების, პროფესიული ეთიკისა და კოლეგიალუ­რობის პრინციპების დაცვით;
  • სტუ-სათვის, როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცისათვის, აუცილებელი კომპონენტია სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლისა და სწავლების პროცესში მუდმივად ვითვალისწინებთ უახლესი კვლევის შედეგებს, რაც სწავლას უფრო ღრმასა და მრავალფეროვანს გახდის, ასევე უფრო მასშტაბურ საზოგადოებრივ დატვირთვას შესძენს სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო პროგრამაში დასანერგად. ამავე დროს სტუდენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული კვლევის პროცესების გაანალიზებაში;
  • სტუ არის ადგილი სადაც საზოგადოება სწავლობს განუზღვრელ და არაპროგნოზირებად პირობებში ყოფიერებას, რასაც დღევანდელი ცხოვრება გვთავაზობს, გამოწვევების სახით „პოსტთანამედროვეობის“ ეპოქაში;
  • თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სტუ-ის ყველა წევრის თანასწორობას სტუ-ის მართვასა და სასწავლო-კვლევითი პროცესის ორგანიზებაში. დაუშ­ვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ამ პრინციპის რეალიზება ძი­რითადად ხდება სტუ-ის წევრების მიერ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირებაში თანასწორი მონაწი­ლეობით.
გამჭვირვალობის პრინციპი გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის ფინანსური საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას. თავის საქმიანობაში სტუ ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
0322 77 11 11