საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.
სამსახურის მიზანია უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება, შეფასების საფუძველზე ვითარების გაუმჯობესების ან დამაკმაყოფილებელი ვითარების შემთხვევაში, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით;
ბ) სწავლის, სწავლების, კვლევისა და შეფასების მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
გ) უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროფესიული პროგრამების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;
დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის ჩამოყალიბების, მისი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ზ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.