03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

დამტკიცებულია

სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)

2020 წლის 17 იანვრის
№ 01-06-02/05 დადგენილებით

   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის

დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. სამსახური ითვალისწინებს ევროკომისიის, ევროსაბჭოს, იუნესკოსა და სხვა ოფიციალური ორგანიზაციების ეგიდით შექმნილ შესაბამისი პროფილის ასოციაციებისა და დაწესებულებების, აგრეთვე, ცალკეული ექსპერტების მიერ ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტებს.

 

მუხლი 2. სამსახურის მიზანი

სამსახურის მიზანია უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება, შეფასების საფუძველზე ვითარების გაუმჯობესების ან დამაკმაყოფილებელი ვითარების შემთხვევაში, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

 

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით;

ბ) სწავლის, სწავლების, კვლევისა და შეფასების მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

გ) უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის ჩამოყალიბების, მისი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ვ) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

თ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განყოფილება;

ბ) პროფესიული განათლების პროგრამების განყოფილება;

გ) სწავლებისა და მეცნიერების ხარისხის კონტროლის განყოფილება;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების განყოფილება.

მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის ფაკულტეტების (სკოლის) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან თანამშრომლობით;

ბ) უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების, მატერიალურ–ტექნიკური ბაზისა და დამხმარე რესურსების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად თვითშეფასების პროცესების განხორციელება ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან თანამშრომლობით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით მათი პერიოდული შეფასებისა და რევიზიის ორგანიზება ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, აგრეთვე, პოტენციური დამსაქმებლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით;

ე) აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალთან ერთად და სტუდენტების მონაწილეობით კრედიტების განაწილების სისწორის შემოწმება სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში დარგობრივი სტანდარტებისა და სპეციალობათა პასპორტების შემუშავების ორგანიზება არსებული კანონმდებლობისა და, კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გამოკითხვის ორგანიზება, შესაბამისი კითხვარებისა და აუცილებელი დოკუმენტების შემუშავება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიისა და კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და ინდიკატორების ჩამოსაყალიბებლად;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და არსებული წესით მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

კ) უნივერსიტეტის წესდებით, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) დადგენილებებით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. პროფესიული განათლების პროგრამების განყოფილების ფუნქციებია:

ა) პროფესიული განათლების პროგრამების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან და სხვა მოთხოვნებთან უნივერსიტეტის ფაკულტეტების (სკოლის) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან თანამშრომლობით;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად თვითშეფასების პროცესების განხორციელება ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან თანამშრომლობით;

გ) პროფესიული განათლების პროგრამების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით მათი პერიოდული შეფასებისა და რევიზიის ორგანიზება ექსპერტებთან და პოტენციური დამსაქმებლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით;

დ) პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელების ეფექტიანობის კვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე განვითარების წინადადებების მომზადება;

ე) პროფესორ-მასწავლებელთა და სამეცნიერო პერსონალთან ერთად და სტუდენტების მონაწილეობით კრედიტების განაწილების სისწორის შემოწმება სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში დარგობრივი სტანდარტებისა და სპეციალობათა პასპორტების შემუშავების ორგანიზება არსებული კანონმდებლობისა და, კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად;

ზ) აკადემიური, მასწავლებელთა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მათი შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების მომზადების უზრუნველყოფა;

თ) პროფესიული განათლების პროგრამების განვითარების მიზნით უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით სტუდენტების და პედაგოგების გამოკითხვის ორგანიზება, შესაბამისი კითხვარებისა და აუცილებელი დოკუმენტების შემუშავება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ი) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიისა და კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და ინდიკატორების ჩამოსაყალიბებლად;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და არსებული წესით მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ლ) უნივერსიტეტის წესდებით, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) დადგენილებებით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. სწავლებისა და მეცნიერების ხარისხის კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:

ა) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;

ბ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავება და აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის  შეფასების წესის შემუშავება და აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელების მიმდინარეობის შეფასება საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების საფაკულტეტო კომისიებთან თანამშრომლობით;

ვ) უნივერსიტეტის აკადემიური, მასწავლებელთა და სამეცნიერო პერსონალის პერიოდული შეფასების მექანიზმის, კრიტერიუმებისა და წესის შემუშავება, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და შეფასების პროცესის ორგანიზება;

ზ) დადგენილი წესით უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო კურსების მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;

თ) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიისა და კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და ინდიკატორების ჩამოსაყალიბებლად;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და არსებული წესით მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

კ) უნივერსიტეტის წესდებით, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) დადგენილებებით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო პოლიტიკის პროექტისა და პროცედურების შემუშავება;

ბ) შეფასების შიდა და გარე პროცედურების უზრუნველყოფა, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

დ) კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვის წინადადებების მომზადება კვლევის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) შრომის ბაზრის კვლევის ორგანიზება ბაზრის მოთხოვნებისა და დეფიციტური სპეციალობების დადგენის მიზნით;

ვ) სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების შიდა სტანდარტების, წესებისა და მეთოდიკის შემუშავება, ხარისხის კონტროლის კრიტერიუმების განსაზღვრა და მათი გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავება;

ზ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და გამოყენება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აქტივობების ეფექტიანი მენეჯმენტისთვის;

თ) მონაწილეობა სასწავლო პროცესთან, სამეცნიერო კვლევებთან, ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო დოკუმენტების, ინსტრუქციების, წესების, გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების პროექტების შემუშავების პროცესში;

ი) კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტის აკადემიური, შესაბამისი ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ბოლონიის პროცესთან, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების პროგრამების შემუშავებასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებზე;

კ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ლ) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიისა და კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და ინდიკატორების ჩამოსაყალიბებლად;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და არსებული წესით მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ნ) უნივერსიტეტის წესდებით, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) დადგენილებებით, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 6. სამსახურის სტატუსი და მართვა

1. სამსახური არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს. იგი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წინაშე.

2. სამსახური უფლებამოსილია, უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებსა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს მოსთხოვოს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია.

3. სამსახურს უფლება აქვს ერთჯერადი სამუშაოს შესრულებისათვის, კონტრაქტის საფუძველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები დადგენილი წესით.

4. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესი განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით.

5. სამსახურის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

6. სამსახურის ხელმძღვანელს ჰყავს ორი მოადგილე.

7. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ–ერთი მოადგილე სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით.

8. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას უნივერსიტეტის წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად;

ბ) ხელმძღვანელობს სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებას და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;

დ) კოორდინირებას უწევს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობას;

ე) წარმოადგენს სამსახურს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ხოლო მესამე პირებთან ურთიერთობისას წარმოადგენს უნივერსიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრულ დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

9. სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად.

10. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

1. დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ მისი დამტკიცების დღიდან.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით.

3. დებულება ძალას კარგავს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ ახალი დებულების დამტკიცების შემთხვევაში.



დებულების ელექტრონული ვერსია პდფ ფორმატში