07 ივნ

ახალი წიგნები

2023 წლის მაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ მიიღო ახალი ლიტერატურა.
ყველა სიახლე

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

15-09-2014
საქართველოს პრემიერ - მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერ - მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა და შეხვედრა გამართა სტუდენტებთან და პროფესორ - მასწავლებლებთან. მან განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები ახალგაზრდებს პირადად გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
ჩემი ოცნება და უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამაში მნიშვნელოვანია თქვენი, ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური სტუდენტების როლი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტექნიკური დარგების განვითარებას ანიჭებს.
"ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო ინოვაციების განვითარება, განსაკუთრებით კი გამოყენებით მეცნიერებებში, დიდი შესაძლებლობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და წვლილი შეიტანოს ამ საქმეში,"- აღნიშნა პრემიერმა .
მანვე მადლიერება გამოხატა საქართველოს განათლების სფეროში ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისადმი და მას უპრეცედენტო მხარდაჭერა უწოდა.
"საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მეორე კომპაქტის მეშვეობით 140 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო და ის ადამიანური რესურსის განვითარებაზე დაიხარჯება. ძალიან სასიხარულოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ - ერთია საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელშიც მომავალი 20 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო და ამერიკული საბაკალავრო პროგრამები და სტუდენტები ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ ,"- განმარტა პრემიერ - მინისტრმა .
მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს მოუწოდა ჩაერთონ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში. მან ასევე ისაუბრა სამეცნიერო დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში იყოს პერსპექტიული და დაფასებული.
პრემიერმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა:
დაფინანსდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ - ერთი მნიშნველოვანი პროექტი, რომლის საშუალებითაც დაიწყება შენობის რეაბილიტაცია და ლაბორატორიის აღჭურვა. " ძალიან სასიამოვნო სიახლეა აგრეთვე ის, რომ წელს აგრარული მიმართულება დაემატა უფასო სპეციალობების რიცხვს. სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს ამ ფაკულტეტზე სწავლას, რადგან აგროსექტორის განვითარება ჩვენი ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტია და მჯერა, რომ ამ დარგშიც კვალიფიციური, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ სპეციალისტებს მოგვცემს ტექნიკური უნივერსიტეტი,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ.


 

სიახლეებში დაბრუნება