დაჯილდოვება

05/23/2014 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ინიცირებული სტუდენტური კონკურსის მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
კონკურსის ორგანიზატორები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის  და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს გარდა,  იყვნენ ქალაქ რუსთავის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.  
2013–2014 სასწავლო  წლის პირველ სემესტრში  ფაკულტეტის მე–3 კურსელებმა შეასრულეს რუსთავში არსებულ ტერიტორიაზე საბავშვო სადღეღამისო ბაგა–ბაღის, ხოლო მე–4 კურსელებმა– ბოლნისის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი საცხოვრისის პროექტები.
რუსთავის სადღეღამისო ბაგა– ბაღის პროექტის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა სია ასე გამოიყურება: 1.გიორგი ცუცქირიძე 2. ოთარ თუხარელი 3. ივენე ებრალიძე
ბოლნისის სოციალური სახლის პროექტის კონკურსში ადგილები ასე განაწილდა: 1. ნინო ნადირაშვილი 2.თამარ ბენაშვილი 3. სანდრო ჩიგოშვილი
კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს დიპლომები გადასცა ფაკულტეტის დეკანმა გოჩა მიქიაშვილმა. სამახსოვრო საჩუქრები სტუდენტებმა მიიღეს  რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისაგან ბ–ნ  იმედა ვარდიშვილისგან, აგრეთვე ბოლნისის გამგებლისგან ქ–ნ ალექსანდრა ობოლაძისგან.
დაჯილდოებას თან ახლდა საინტერესო  ნაშრომის „სოციალური საცხოვრისი–საქართველოს რეალობა საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში“ პრეზენტაცია. ეს ნაშრომი შესრულებულ იქნა პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძის და მისი ასისტენტის ახალგაზრდა არქიტექტორის ელენე დარჯანიას მიერ.
კონკურსების მონაწილეებს დაურიგდათ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოცემული სამახსოვრო ბუკლეტები, რომელშიც შევიდა კონკურსში მონაწილე პროექტების ილუსტრაციები. ეს ბუკლეტები სტუდენტებს გადასცა სააგენტოს წარმომადგენელმა ქ–მა თამარ წივწივაძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება