უფასო იტალიური ენის კურსები სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის

09/20/2022
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20448
ვისაც სურს იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება ან Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, ეძლევა უნიკალური შანსი ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიაროს იტალიური ენის უფასო საბაზისო კურსი, ჩააბაროს საბოლოო გამოცდა და მიიღოს საერთაშორისო ატესტატი ADA და სერტიფიკატი PLIDA.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი გთავაზობთ იტალიური ენის საბაზისო კურსის (A1-A2) გავლას 2 სემესტრის განმავლობაში.

აღნიშნული საერთაშორისო პროექტი ხორციელდება 2022-23 სასწავლო წლის განმავლობაში დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საგრანტო პროექტში მოპოვებული დაფინანსების (გრანტის) ფარგლებში, რომლის დასახელებაა: ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო დიდაქტიკური ცენტრის ,,დანტეს კაბინეტის“ შექმნა და იტალიური ენის ხარისხიანი და ინტერდისციპლინარული სწავლება“.

საერთაშორისო პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში იტალიის აკრედიტებული საელჩოს თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათაო ოფისის მიერ.

მოპოვებული დაფინანსებით დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალის, აგრეთვე ADA (დანტე ალიგიერის საატესტაციო ცენტრი) და PLIDA-ს (იტალიური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრი) სერვისის შეთავაზებით, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტიდან 52 (ორმოცდათორმეტი) სტუდენტისთვის იტალიური ენის ეფექტური და ხარისხიანი სწავლების დაფინანსებას.

პროექტი ითვალისწინებს იტალიურის სწავლებას ენის კომპეტენციის A1 –A2 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში. უფასო კურსზე ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება ეძლევა, გახდეს როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის წევრი, ისე ADA-ს (იტალიური ენის საერთაშორისო კურსის) მსმენელი.

იტალიური ენის უფასო კურსზე სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 13 თანამშრომელი).

კონკურსის პირობა:
კონკურსის პირველ ეტაპზე მსურველები უნდა ონლაინ დარეგისტრირდნენ და მოკლედ ახსნან, თუ რა მიზნით სურთ იტალიური ენის შესწავლა (მაქსიმუმ 200 სიტყვა ქართულ ენაზე);

კონკურსის მეორე ეტაპზე გამარჯვებულმა კანდიდატმა კურსის დაწყებისთანავე უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარებში, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, კურსის მსმენელს ექნება წვდომა საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ სასწავლო მასალებზე. 

საგრანტო კონკურსის განხორციელების ვადები:
იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2022 წლის 17 ოქტომბერს და დასრულდება 2023 წლის 29 მაისს.

კურსის ხანგრძლივობა:
    * 2 აკადემიური სემესტრი, აქედან პირველ სემესტრში მსმენელს ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის ბოლოს - იტალიური ენის A2 დონის ცოდნა.
    * კურსზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, სულ: 4 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი).
კურსზე დასარეგისტრირებლად ბმულზე უნდა მიეთითოს სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამის გრაფაში მოკლედ ჩაიწეროს კონკურსის პირობით მოთხოვნილი მოტივი (მაქსიმუმ 200 სიტყვა ქართულ ენაზე).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 5 ოქტომბერის 23:59 საათი.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან აპლიკანტი მიიღებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
ელ.ფოსტა: info@dantetbilisi.ge
ტელ: 574 52 59 66.

თუ გსურთ ისწავლოთ იტალიური ენა უფასოდ და დაგეგმოთ კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, იჩქარეთ, სასწავლო კურსზე ადგილები შეზღუდულია!!!



 

სიახლეებში დაბრუნება