დავით გურგენიძის მიმართვა

03/23/2022

ძვირფასო კოლეგებო,

დღევანდელ დღეს თანაბრად მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა, ვინც იზიარებს თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობის იდეებს. ამ ფასდაუდებელ ღირებულებებს ხომ ოდითგან ვცემთ პატივს საქართველოში. 

ეს არ არის და ვერც იქნება მილოცვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - მეცამეტე დღეა მსოფლიო შეძრულია უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. რუსეთის ღია საომარ აგრესიას ეწირება ადამიანთა სიცოცხლე, ყოველდღიურად ათასობით ოჯახი ხდება დევნილი.  

ძნელბედობის ჟამს ნებისმიერი ქვეყნის ხერხემალი, საყრდენი ძალა ქალები არიან, დედები, რომლებიც შვილებს სამშობლოს სიყვარულს ბავშვობიდან უნერგავენ და მათ გმირული სულისკვეთებით ზრდიან. მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის აღმშნებლობაშიც სწორედ ქალების როლია გამოკვეთილი და ფასდაუდებელი - პოლიტიკოსი ქალების, პედაგოგების, მეცნიერების, ინჟინრების, ჟურნალისტების იურისტების, არქიტექტორების... ქალებზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი და მათზე ზუსტად ვერავინ ჭვრეტს მოსალოდნელ საფრთხეებს; ქალებზე უკეთ არავინ ზრუნავს მომავალი თაობის განათლებასა და აღზრდაზე. 

საუკუნოვანი ტრადიციის მქონე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მრავალი ათეული წელია ურთულეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სპეციალობებს ვაჟებთან ერთად, სტუდენტი გოგონები ეუფლებიან, ჩვენი კურსდამთავრებული ქალები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მამაკაცების მხარდამხარ იღწვიან, უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში საპატიო ადგილს ქალბატონები იკავებენ.

მიუხედავად ამისა, ვისურვებდით, გაცილებით მეტი ახალგაზრდა ქალი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, დაინტერესდეს საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგებით და შეუფერხებლად მიიღოს განათლება, გააკეთოს დამოუკიდებელი და გაცნობიერებული არჩევანი, იყოს შეუდრეკელი და მეტად გამბედავი, მოიპოვოს ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა, თავისი განათლებით, შრომით მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს და აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თანასწორობა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა ღირსეული, მეტად სამართლიანი, მშვიდობიანი და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

გვჯერა, ქალები მუდამ იქნებიან სამყაროს უკეთესი მომავლის სადარაჯოზე!

გვჯერა, სწორედ ქალები არიან ის ძალა, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის! 

 


დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

 


 

სიახლეებში დაბრუნება