ევროპელ მკვლევართა ღამე

03/30/2021 ძვირფასო სუდენტებო და პროფესორ-მასწავლებლებო,

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი -2020" მარი სკლადოვსკა-კიურის კონკურსში "ევროპელ    მკვლევართა ღამე" გამარჯვებულ პროექტს "მეცნიერება კაპიტანია".

   პროექტის მიზანია საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერთა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში. აღნიშნული საგრანტო პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან მეცნიერების, განათლების და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.captain2020.ge სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში არსებული წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და მათ მიერ განხორციელებული კვლევების შესახებ, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა ვიდეო ლექციები, მეცნიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონკურსების შედეგები, კონფერენციების მასალები, ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გახსნილი ევროკავშირის სივრცეების შესახებ, აგრეთვე, სახალისო სამეცნიერო თამაშები და ა.შ. ვებ გვერდის ვიზიტორთა უკუკავშირის უზრუნველსაყოფად, მთავარი გვერდის ბოლოს ჩაშენებულია ონლაინ კითხვარები სათაურებით 1) "ხმა მიეცით თქვენს რჩეულ ღონისძიებას!" და 2) "გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები!". აღნიშნულ კითხვართა მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ღონისძიება და ვიზიტორთა თვალით შეაფასოს ვებ გვერდის შინაარსი და წარმოდგენილი მასალები.

     ამ პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო და კონკურსზე წარადგინა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების ამსახველი ფილმი. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და ხმა მისცეთ თქვენთვის მოსაწონ ფილმს. 





 

სიახლეებში დაბრუნება