მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ბრიტანელი მეცნიერის ვიზიტი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე

26-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს მიმდინარე წლის 20-26 ივნისს ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, პროფესორი დოქტორი ანდრე ბატაკო სტუმრობდა.


ბრიტანელი მეცნიერის ვიზიტი განხორციელდა სტუ-ის ლაზერული დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ნანა ბაქრაძის მოწვევით, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის NFR–22-6966 - „ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით დამუშავებული ხორბლის  ფენოლური ნართების რაოდენობრივი და თვისობრივი  კვლევა მისგან გამაჯანსაღებელი პრეპარატის დამზადების მიზნით“ ფარგლებში.
პროფესორ ანდრე ბატაკოს სამუშაო ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო. ის მოიცავდა როგორც პროექტის NFR–22-6966 ფარგლებში გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო სამუშაოებს, ასევე ითვალისწინებდა სამუშაო და საქმიან შეხვედრებს.ვიზიტის ფარგლებში პროფ. ანდრე ბატაკომ მიმდინარე წლის 22 ივნისს სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარა სერტიფიცირებულ სემინარები თემებზე:
თემა I - „საკვანძო ნაბიჯები აკადემიური გამოგონებებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში“ („Key Steps in Commercialization of Academic Inventions and Technologies“)
თემა II - „პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიული გამოცდილება - ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მაგალითი“ (“Experience of Strategic Development of Vocational Education - Case Study of Liverpool John Moores University”).
პროფ. ანდრე ბატაკო საჯარო ლექციის ფორმატში ასევე შეხვდა სტუდენტებს და ისაუბრა „Formula Student (FS)"-ის შესახებ, რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე  პოპულარული საგანმანათლებლო ინჟინერიის კონკურსი და ამ კონკურსში ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტს, როგორც ინსტიტუციას, მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. მან ეს გამოცდილება გაუზიარა შესაბამისი აქტივობებით დაინტერესებულ სტუდენტებს. აღნიშნულ სემინარებს ქართველ სტუდენტებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის „მექანიკის ინჟინერიის“ საერთაშორისო სტუდენტები. აღნიშნულმა შეხვედრებმა დიდი
ინტერესი გამოიწვია დამსწრე აუდიტორიაში.
პროფ. ბატაკომ საქმიანი შეხვედრები გამართა სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. ოთარ გელაშვილთან, სადაც საუბარი შეეხო ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს და სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავების და სამეცნიერო- აკადემიური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. ბრიტანელი პროფესორის მონაწილეობით საქმიანი შეხვედრა გაიმართა სტუ-ს რექტორის მოადგილესთან, ბატონ ზურაბ გასიტაშვილთან. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების და სტუ-ს ტექნოლოგიების ტრანსფერის და გრანტების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე შესაბამისი კომპეტენციების და თემატიკის გათვალისწინებით საუბარი შეეხებოდა სტუ-ს და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და რეალურ შესაძლებლობებს.  აღსანიშნავია, რომ სტუ-ს თანამშრომლობის საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან, შესაბამისად ამ პრაქტიკის გათვალისწინებით სტუ-ს ადმინისტრაცია ყოველთვის მოხარულია და მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთის
აკადემიურ წრეებთან საქმიანი ურთიერთობების გასაძლიერებლად.  ვიზიტის ფარგლევბში დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ვიზიტის ბოლო სამუშაო დღეს, ბრიტანელი პროფესორის მონაწილეობითა და სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ- მასწავლებლების მონაწილეობით, საქმიანი შეხვედრა გაიმართა ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ეროვნულ ოფისში, რომლის მისიაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა"  საქართველოს  ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში ქართველ აპლიკანტთა მონაწილეობის გაზრდა. შესაბამისად, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სწორედ სამომავლო კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეის განხილვა, სტუ-ის და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი კონსორციუმის ინიციირების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
რაც შეეხება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის NFR–22-6966 პროექტი -„ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით დამუშავებული ხორბლის ფენოლური ნართების რაოდენობრივი და თვისობრივი  კვლევა მისგან გამაჯანსაღებელი პრეპარატის დამზადების მიზნით“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და სტუ-ს მკვლევართა ჯგუფების მონაწილეობით 2023 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის მიზანია საქართველოში ადგილობრივი ნედლეულიდან ენდემური ჯიშის ხორბლის მარცვალში, ღვივსა და ჯეჯილში ინოვაციური ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით წარმოქმნილი ფენოლური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა; ლაზერით დამუშავების გავლენის დადგენა  ხორბლის მავნებლების მიმართ მდგრადობაზე და ფენოლური ნაერთების სარგებლიანობაზე; ფენოლური ნაერთების ეფექტურობის შესწავლა ცხოველური უჯრედების (Jurkat, MDCK) მოდელურ სისტემებში.


 

სიახლეებში დაბრუნება