მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ფაკულტეტს პოლონელი პროფესორი სტუმრობდა

19-05-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, Erasmus+ KA01 საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის სილეზინის უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი მიროსლავ ბონეკი სტუმრობდა.


პოლონელმა პროფესორმა შეხვედრები გამართა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ოთარ გელაშვილთან, სადაც განხილული იქნა პოტენციური თანამშრომლობის საკითხები. პროფესორი ბონეკი, საჯარო ლექციის ფორმატში შეხვდა ფაკულტეტის ადმინისტრაციას, პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. შეხვედრაზე მან ვრცლად ისაუბრა ზოგადად სილეზინის უნივერსიტეტისა და ამავე უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის შესახებ. ასევე წარმოადგინა მოხსენება „საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ“ (Innovative Technology Application in Automotive Industry).


აღსანიშნავია რომ მიმდინარე წლის 15-19 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ევროკავშირის საერთაშორისო Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი); ღაზის უნივერსიტეტის (თურქეთი); სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) და ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის - Vilnius Tech წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივით ორგანიზებულ სხვადასხვა
საგანმანათლებლო, სასწავლო და კულტურულ აქტივობებში. მათ შორის ამავე დეპარტამენტის ინიციატივით, 18 მაისს ჩატარდა ე.წ. „ნეთვორქინგის“ სესია, სადაც სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს და პროფესორ მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ სტუმრებთან ერთად განეხილათ ქართული და ევროპული უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები და ინიციატივები. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ ინტერნაციონალიზაციის პროცესი ფაკულტეტის სტრატეგიულ განვითარებაში უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს და ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის თანმიმდევრული პოლიტიკის გასატარებლად. ამასთან, სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, წლებია აქტიური საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და ავიაინჟინერიის ფაკულტეტთან - მაგალითად ამ თანამშრომლობის ფარგლებში, წლებია იმართება ერთობლივი ქართულ - პოლონური სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ რომელიც წელსაც, სექტემბერში რიგით მეშვიდეჯერ ჩატარდება. პროფესორი ბონეკის ვიზიტი შესაძლებლობას იძლევა ფაკულტეტებს შორის აქტიური თანამშრომლობა განვითარდეს მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს წელს შესაძლებლობა აქვთ პირველად მონაწილეობა მიიღონ სილეზინის უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში TalentDetector2023.
კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაცია იხ: https://events.polsl.pl/talentdetector/


 

სიახლეებში დაბრუნება