მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სახელმძღვანელოს “მდგრადი მობილობა“ პრეზენტაცია

04-05-2023

გერმანიის განვითარების საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 

სახელმძღვანელოს “მდგრადი მობილობა“ პრეზენტაცია გაიმართა

 

    2023 წლის 2 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში სახელმძღვანელოს “მდგრადი მობილობა“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო გერმანიის განვითარების საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის და სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლების და მკვლევრების ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა.

    სახელმძღვანელო შედგენილია სტატიების კრებულის სახით და ის შეიცავს ვრცელ ინფორმაციას ზოგადად მდგრადი მობილობისა და მისი საზოგადოებაზე ზეგავლენის შესახებ. წიგნში ამომწურავადაა განხილული მობილობის ეკოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ასპექტები. „მდგრადი მობილობის“ სახელმძღვანელო უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია საქართველოს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებებით სწავლებაზე. სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება ტრანსპორტის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგის ეფექტიანი ფუნქციონირებით დაინტერესებულ პირებისთვის.


  აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანიის განვითარების საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „მობილობა ქალაქებისთვის“ ფარგლებში, გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კოორდინაციით, 2020-2022 წლებში განხრციელდა ერთობლივი პროექტი, რომელიც ორ მიმართულებას - სასწავლო და სატრანსპორტო პრაქტიკულ კვლევებს აერთიანებდა. პროექტი უზრუნველყოფდა გამოცდილების გაზიარებას გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან ურბანული სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარებისათვის.

აქვე გთავაზობთ სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ოთარ გელაშვილის მოკლე ინტერვიუს, რომელიც მან პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორის და სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორის სტატუსით მისცა გერმანიის განვითარების საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ ოფისს.

 

     1.   დრეზდენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიღებული გამოცდილება - ისურვებდით თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას და რა ფორმატში, რა საჭიროებებია თქვენთან ამ მიმართულებით და რა გეგმები გაქვთ?

დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი არის ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ევროპის და არა მარტო ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობით მიღებული გამოცდილება. ჩვენ სხვა კუთხით დაგვანახეს ლექციებზე სასწავლო თემატიკის წარდგენისა და სტუდენტებთან მუშაობის ფორმები და პრაქტიკა. მაგალითად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სტუდენტების ჩართულობით ლექციის დამთავრების შემდეგ სტუდენტების უკუკავშირის პრაქტიკა გადაცემული საკითხების ხარისხისა და ზოგადად ჩატარებული ლექციის შესახებ.

მნიშვნელოვანია გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობა არა მარტო სასწავლო/სალექციო მიმართულებით, არამედ სამეცნიერო-კვლევითი კუთხითაც. განსაკუთრებით ერთობლივი მონაწილეობა საგრანტო მიმართულებით როგორც ერაზმუს+ ფარგლებში, აგრეთვე სხვა საგრანტო პროექტებში. ჩვენი თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს არამარტო ერთობლივი კვლევების სახით, არამედ სასწავლო მიმართულებებითაც. კერძოდ, შეგვიძლია მოვამზადოთ სამაგისტრო საგანმანათლებლო ერთობლივი უცხოენოვანი პროგრამა „ტრანსპორტი“ და რა თქმა უნდა, ამ პროგრამისათვის ერთობლივი სახელმძღვანელოები. აგრეთვე შესაძლებელია ერთობლივი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, სადაც მოხდება კვლევების შედეგების გაზიარება და დამყარდება მჭიდრო კონტაქტები. ჩვენ ამ მიმართულებით ვგეგმავთ თანამშრომლობას და იმედია ჩვენი კოლეგები დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან აქტიურად გაიზიარებენ ჩვენს ამ ინიციატივებს.

ყოველივე აღნიშნულის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა გერმანიის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერა და ასევე GIZ და DAAD ადგილობრივი ოფისების ჩართულობა.

 

2.    როგორ აპირებთ სახელმძღვანელოს და სალექციო კურსის ჩართვას სასწავლო პროცესში?

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ,,ტრანსპორტის“ პროგრამას და ჩვენთვის გაცილებით იოლია სალექციო მასალის ჩართვა სასწავლო პროცესში. ჩვენ უკვე შევიტანეთ ეკოლოგიის საკითხები სილაბუსში. მომავალი სასწავლო წლიდან ალბათ წიგნში მოცემული მასალა სრულად იქნება ასახული პროგრამის საგნების სალექციო თემატიკაში. ვინაიდან წიგნში განხილული საკითხები მრავალფეროვანია, ის ვერ იქნება მორგებული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ რომელიმე საგანთან. ამიტომ თემატიკის მიხედვით მასში მოცემული საკითხები შესაძლებელია აისახოს შემდეგ საგნებში:

  •     საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი კურსი;
  •     ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება;

  •     მოძრაობის უსაფრთხოება საავტომობილო ტრანსპორტზე;

  •     საავტომობილო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები;

აგრეთვე ვგეგმავთ საგანმანათლებლო პროგრამაში შემოვიტანოთ ახალი საგანი - მდგრადი ურბანული მობილობა.

 

3.     გარდა სტუდენტებისა ვის შეუძლია გამოიყენოს სახელმძღვანელო?

 დღეს წარმოდგენილ წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა მიმართულების დიდი მოცულობის მასალა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს არა მარტო „ტრანსპორტის“ მიმართულების სტუდენტებმა, არამედ არქიტექტურის მიმართულებით, მაგალითად, ქალაქების სატრანსპორტო დაგეგმარების კუთხით, ეკოლოგებმა და ამ მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა. წიგნი აგრეთვე უზრუნველყოფს მკითხველის ცნობიერების ამაღლებას მასში განხილული თემატიკის მიხედვით.

  

4.  სხვადასხვა პერსპექტივის გაერთიანება, რაც გამოიხატა პროფესორების და პრაქტიკოსების ერთობლივი მუშაობით, რამდენად მისაღებია?

 მოგეხსენებათ, რომ წიგნის მომზადებასა და ზოგადად ამ საქმიანობაში ჩართული იყო დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომელთა მონაწილეობამ საინტერესო გახადა წიგნზე მუშაობა. მასში შესულია არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული საკითხები, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის და მათი კარიერული წინსვლისათვის. მსგავსი მიდგომების გათვალისწინება აგრეთვე მნიშვნელოვანია მომავალი კვლევებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ხედვების და ინფორმაციის გაცვლას.


 

სიახლეებში დაბრუნება