მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმაცია გაზაფხულის სემესტრის დაწყების შესახებ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის

11-03-2021 ძვირფასო სტუდენტებო,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის (II) სემესტრი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის 2021 წლის 15 მარტს დაიწყება.

სასწავლო პროცესის თეორიული ნაწილი (ლექცია / სემინარი / პრაქტიკული), 15 მარტიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში, წარიმართება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, Zoom აპლიკაციის მეშვეობით.

სტუდენტთა აკადემიური ცხრილები განახლდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ცხრილები, ფაკულტეტების მიხედვით, კვირის ბოლომდე განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე:

დისტანციური სწავლების პლატფორმაზე - https://elearning.gtu.ge  
აკადემიური მოსწრების გვერდზე - https://leqtori.gtu.ge
პირველკურსელთა ელექტრონული სერვისების საუნივერსიტეტო სისტემის გვერდზე - vici.gtu.ge
ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/gtu.ge
ცხრილებში მითითებული იქნება Zoom-ის ვირტუალური ოთახის კოდი ონლაინ ლექციებისთვის, ასევე, საჭიროების მიხედვით, აუდიტორიის ნომერი - არადისტანციური სასწავლო კომპონენტებისთვის.

კვლავინდებურად იმუშავებს დისტანციური სწავლების პლატფორმა - https://elearning.gtu.ge , რომელზეც სასწავლო კვირების მიხედვით აიტვირთება სასწავლო კურსების შესაბამისი თეორიული მასალა და დავალებები. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ რეგულარულად ატვირთონ შესრულებული დავალებები.

ძვირფასო სტუდენტებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გაზაფხულის სემესტრის მანძილზე, კოვიდ-პანდემიის სირთულეების გათვალისწინებით, ყველა სტუდენტს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს სასწავლო პროცესში, კერძოდ:

გაზაფხულის სემესტრის მანძილზე, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის ავტომატურ რეჟიმში ჩართული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკი.
სტუდენტებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ აუდიტორიებში სასწავლო პროცესის გაგრძელებას, მიეცემათ საშუალება ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში აღადგინონ.
სტუდენტებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ:

უნივერსიტეტში ყოფნისას აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადე;
უნივერსიტეტში მეცადინეობას არ უნდა დაესწროს სტუდენტი, რომელსაც Covid-19-ის ან სხვა ვირუსული ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.
თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მეცადინეობების წარმართვას კოვიდ-პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და სავალდებულო რეგულაციების სრული დაცვით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს წარმატებულ სასწავლო სემესტრს გისურვებთ!


 

სიახლეებში დაბრუნება