საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტერმინთა განმარტება

1.     ინკლუზიური განათლება -   (Inclusive education) _ ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ყველასთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანატოლებთან ერთად, იმის იუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლები გააჩნიათ. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (შემდგომში სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირების ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით სწავლებას.

 

 

2.     სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (სსსმ)

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა პირი (შემდგომში – სსსმ პირი), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ პირი შეიძლება იყოს მოსწავლე/სტუდენტი, რომელსაც აქვს :

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

 

3.     შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმ)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით. აღნიშნულმა გარემოებებმა, შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

 

4.     ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი უშუალოდ ადევნებს თვალყურს და აქტიურად მართავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებისა და საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფის პროცესს

5.     სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი ეხმარება სტუდენტს, ჩაერთოს სასწავლო პროცესში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობაში.ეხმარება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებლებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაში.

6.     ჟესტური ენის თარჯიმანი

პირი, რომელიც ყრუ სტუდენტს ჟესტურ ენაზე უთარგმნის სასწავლო პროცესს, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკის ნაწილს. მნიშვნელოვანია, მისი წინასწარი კონტაქტი მასწავლებლებთან ძირითადი ტერმინოლოგიის განხილვის მიზნით, რათა მეცადინეობისას დრო არ დაიხარჯოს ტერმინების დაზუსტებაზე.

7.     ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც , საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის პროცესი მასზე მორგებულად იმართება კონკრეტული მოდულისა თუ სასწავლო კურსის ფარგლებში.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება პროფესიული მოდულის/პროგრამის საფუძველზე და წარმოადგენს მის დაზუსტებას კონკრეტული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის. შესაბამისად, დასაშვებია, მისთვის შედგეს (დაზუსტდეს) იმდენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რამდენ მოდულშიც/საგანშიც გამოვლინდება სწავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სირთულეები.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის აქტუალობა ჩნდება მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ სტუდენტს მოდულის/საგნის მოთხოვნების დასაძლევად მისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. თუკი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მოდულში/საგანში სტუდენტისთვის ინდივიდუალურად მორგებული ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, ის უფლებამოსილია მასთან ერთად შეიმუშაოს და დოკუმენტურად გააფორმოს პროფესიული მოდულის/საგნის სწავლის შედეგების შესაბამისად აგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.