საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

მეთოდოლოგია

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის (შემდგომში სტუდენტი) სწავლის პროცესი მასზე მორგებულად იმართება კონკრეტული მოდულისა თუ სასწავლო კურსის ფარგლებში.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება პროფესიული მოდულის/პროგრამის საფუძველზე და წარმოადგენს მის დაზუსტებას კონკრეტული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის. შესაბამისად, დასაშვებია, მისთვის შედგეს (დაზუსტდეს) იმდენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რამდენ მოდულშიც/საგანშიც გამოვლინდება სწავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სირთულეები.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის აქტუალობა ჩნდება მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ სტუდენტს მოდულის/საგნის მოთხოვნების დასაძლევად მისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. თუკი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მოდულში/საგანში სტუდენტისთვის ინდივიდუალურად მორგებული ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, ის უფლებამოსილია მასთან ერთად შეიმუშაოს და დოკუმენტურად გააფორმოს პროფესიული მოდულის/საგნის სწავლის შედეგების შესაბამისად აგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე მასწავლებელი უფლებამოსილი ხდება სასწავლო პროცესის ფარგლებში:

-           მიმართოს სწავლების განსხვავებულ ხერხებსა და სტრატეგიებს; შეარჩიოს და გამოიყენოს სტუდენტისთვის ეფექტური სწავლა-სწავლების, ინსტრუქტაჟის მეთოდები;

-           სტუდენტისთვის დაადგინოს საათების განაწილების განსხვავებული, ინდივიდუალური სქემა;

 -          განსაზღვროს, შეცვალოს და გამოიყენოს სტუდენტისთვის ოპტიმალური სასწავლო გარემო;

-           საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს დამატებითი ადაპტირებული ტექნიკური აღჭურვილობა;

-           გამოიყენოს საჭირო რაოდენობით სასწავლო მასალა და ნედლეული;

-           შეცვალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა; მაგალითად, სტუდენტისთვის, დროში წინსწრებით, გამოიყენოს საწარმოო პრაქტიკის ან შეგირდობის ბაზა (უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით), რათა გაიზარდოს პრაქტიკასა და კეთებაზე დაფუძნებული, ბუნებრივ გარემოში მიმდინარე, სასწავლო პროცესის ინტენსივობა;

-           სტუდენტის შესაძლებლობის შესაბამისად შეცვალოს შეფასების პროცედურები და ფორმები;

-           დააზუსტოს სტუდენტისთვის მოდულის/საგნის ფარგლებში მისაღწევი სწავლის შედეგები;

-           განსაზღვროს სტუდენტისთვის დამატებითი მომსახურება: მაგალითად, სტუდენტისთვის ინდივიდუალური, დამატებითი მუშაობის საჭიროება მასწავლებელთან, ინკლუზიური განათლების სპეციალისტთან ან/და სხვა სტუდენტთან ერთად.

 

სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირებისას მასწავლებელი უნდა მსჯელობდეს შემდეგ საკითხებზე:

-           რა დამატებითი ცვლილებებია სტუდენტის სწავლის ხელშეწყობისთვის საჭირო?

-           რას გააუმჯობესებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა?

-           რომელ სწავლის  შედეგს მიაღწევს ან/და მიუახლოვდება სტუდენტი?

-           რა დროში მიიღწევა სწავლის  შედეგები და პროგრესი?

-           რა რესურსების გამოძებნაა საჭირო?

-           რა დამხმარე საშუალებებითა და მომსახურებით იქნება ის უზრუნველყოფილი?

-           ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?

-           ვისი დახმარება, რა განსხვავებული კომპეტენცია სჭირდება?

-           რამდენად ადეკვატური იქნება მიღწეული სასწავლო შედეგი და შეძენილი კომპეტენცია პროფესიის პრაქტიკული დაუფლებისა და დასაქმებისთვის?

 

ადაპტირებული, ანუ ინდივიდუალური სასწავლო მოდულით/პროგრამით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის სწავლებისას მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს მოდულის/პროგრამის ფარგლებში სტანდარტულად განსაზღვრულ სწავლის შედეგებსა და შესრულების კრიტერიუმებზე. ის მიზნად უნდა ისახავდეს არა მხოლოდ სტუდენტის მაქსიმალურ მიახლოებას კომპეტენციისთვის დადგენილ ზღვართან, არამედ მის გადალახვას. მოდულით/პროგრამით განსაზღვრული სასწავლო შედეგის/შედეგების მისაღწევად მასწავლებელი უნდა განსაზღვრავდეს უახლოეს, დასაძლევად შესაძლებელ ნაბიჯებს (ქვემიზნებს ან მოკლევადიან ინდივიდუალურ მიზნებს), რომლებიც სასწავლო შედეგის შემადგენელ ერთეულს წარმოადგენს და მას პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება.

v  სასწავლო გეგმის აკომოდაცია

აკომოდაცია არის პროფესიული მოდულით/პროგრამის საგნით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს და პირობების ცვლილება, სასწავლო მიზნებში ცვლილების შეტანის გარეშე. ის იძლევა საშუალებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტმა მიაღწიოს პროფესიული მოდულით/პროგრამის საგნით განსაზღვრულ შედეგებს, მათი შინაარსისა და სირთულის დონის შეცვლის გარეშე.

აკომოდაციის შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს:

·         პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელოსნოების, აუდიტორიების ფიზიკური გარემო.

·         საათების განაწილება და დღის გრაფიკი;

·         აქტივობების შესასრულებლად განკუთვნილი დროის ხანგრძლივობა;

·         სასწავლო მასალა;

·         სწავლების სტრატეგიები და სწავლების მეთოდები;

·         შეფასების პროცედურები და ინსტრუმენტები;

აკომოდაციის  ამსახველი მაგალითები (არასრული):

            გარემო პირობების აკომოდაცია

 

-       სასწავლო სივრცის, ოთახის მდებარეობის შერჩევა/შეცვლა;

 

-       ავეჯის განლაგების/სივრცის შეცვლა;

 

-       სტუდენტთა განთავსება/განაწილება;

 

-       განათების რეგულირება;

 

-       ადაპტირებული ავეჯის გამოყენება;

 

-       ინდივიდუალური მეცადინეობები;

 

-       მცირე ჯგუფში მეცადინეობები და ა. შ.

დროის გრაფიკის აკომოდაცია

 

-       დროის გაზრდა ან პირიქით, ხანმოკლე ინტერვალებად დაყოფა;

 

-       შეფასების (ან გამოცდის) ეტაპობრივად ჩატარება;

 

-       დროის ინდივიდუალური დაგეგმვა;

 

-       დასწრების ინდივიდუალური გრაფიკი;

 

-       შესვენების ინიდივიდუალური გრაფიკი და ა. შ.

ინსტრუქციის აკომოდაცია

 

 

-       ჟესტური ენა;

 

-       ბრაილის ანბანი;

 

-       მოქმედებების თანმიმდევრობის მანიშნებელი გეგმა;

 

-       კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (მაგალითად, ბარათებით კომუნიკაცია);

 

-       ტექსტის ლექსიკის გამარტივება;

 

-       ვიზუალური მინიშნება;

 

-       ვიზუალური ცხრილი;

 

-       ტექსტის ფონტის გაზრდა;

 

-       მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა;

 

-       ინსტრუქციის პერიფრაზირება;

 

-       ინფორმაციის გამეორება;

 

-       აუდიომასალა და ა. შ.

 

შეფასების აკომოდაცია

 

 

-       წერითი გამოცდა ზეპირის ნაცვლად ან პირიქით;

 

-       ტესტირება წერითი ან ზეპირი გამოცდის ნაცვლად;

 

-       ბეჭდვა წერის ნაცვლად;

 

-       ვერბალური პასუხის ჩანაწერის გაკეთება (შემდგომში დეკოდირება);

 

-       ასისტენტი, რომელიც მონიშნავს პასუხებს ან შეასრულებს სტუდენტის მიერ ნაკარნახე მოქმედებას;

 

-       გამადიდებელი შუშა ან პროგრამა;

 

-       ხმის გამაძლიერებელი;

 

-       კალკულატორი და ა. შ.

 

 

აკომოდაცია არ გულისხმობს მოდულის/საგნის შინაარსის ცვლილებას, შესაბამისად, არ მოქმედებს შეფასებაზე, შესრულების კრიტერიუმებსა და კომპეტენციის პარამეტრების დიაპაზონზე.

v  სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია

მოდიფიკაცია არის პროფესიული მოდულით/პროგრამის საგნით განსაზღვრული სწავლის შედეგების, შესრულების კრიტერიუმებისა და კომპეტენციის პარამეტრების რაოდენობრივი ან თვისებრივი ცვლილება. ადაპტაციის ეს ფორმა, შესაძლოა, გულისხმობდეს კონკრეტული სტუდენტისთვის მოდულის/საგნის მოთხოვნების დაზუსტებას, რასაც შეიძლება სტუდენტის მხრიდან მოდულით/საგნით განსაზღვრული მიზნების არასრული მიღწევა მოჰყვეს.

სასწავლო მოდულის/პროგრამის მოდიფიკაციისას მნიშვნელოვანია სტუდენტის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება, რომ ასეთ შემთხვევაში სტუდენტმა, ამ ეტაპზე, შეიძლება სრული პროფესიული კვალიფიკაცია ვერ მიიღოს.

ქვემოთ მოცემულია სწავლის შედეგების, შესრულების კრიტერიუმების, კომპეტენციის პარამეტრებისა და მტკიცებულებების ინდივიდუალური ჩანაწერებისთვის შესაძლო დაზუსტებები:

Ø  სასწავლო შედეგის დაზუსტება მის შემადგენელ ერთეულებად დაშლით ანდა შესრულების მითითებით

სასწავლო შედეგი არის განაცხადი იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, რისი კეთება უნდა შეეძლოს მას და რა მიზნით მოდულის/საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ. სწავლის შედეგი იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ შესაძლებელი იყოს სწავლის შედეგებში მოცემული აქტივობის ან ცოდნის გაზომვა და შეფასება. ის უნდა მოიცავდეს მოქმედების აღმნიშვნელ ზმნას, ობიექტს და საჭიროების შემთხვევაში  –  პირობას.

ყოველი სწავლის შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სხვა სწავლის შედეგს, მოდულის/საგანმანათლებლო პროგრამის შესავალს, სახელწოდებას, შესრულების კრიტერიუმებს, კომპეტენციის პარამეტრების დიაპაზონსა და მტკიცებულებების მოთხოვნებს.

Ø  შესრულების კრიტერიუმის დაზუსტება სპეციფიკურად განსაზღვრული სწავლის შედეგისთვის

Ø  შესრულების კრიტერიუმი მოიცავს ინფორმაციას იმ მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომელთა დაკმაყოფილება სტუდენტს სასწავლო შედეგების მისაღწევად მოეთხოვება. შესრულების კრიტერიუმი უნდა შეესაბამებოდეს სწავლის შედეგებს.

შესრულების კრიტერიუმი გარკვევით უნდა მიუთითებდეს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს სტუდენტმა. შესრულების კრიტერიუმი უნდა მოიცავდეს მოქმედების აღმნიშვნელ ზმნას. მაგალითად: განმარტავს, აღწერს, ჩამოთვლის, მიუთითებს. მისი ფორმულირებისას, შესაძლებელია გამოიყენებოდეს ზმნიზედები: ზუსტად, სწორად, გარკვევით, დახმარებით და ა.შ.

Ø  კომპეტენციის პარამეტრების დაზუსტება სპეციფიკურად განსაზღვრული სწავლის შედეგისა და შესრულების კრიტერიუმისთვის

კომპეტენციის პარამეტრები აზუსტებს სტუდენტის მიერ განსახორციელებელ მოქმედებებს, გამოსავლენი ცოდნის, უნარ-ჩვევის მასშტაბსა და სიღრმეს.

Ø  მტკიცებულებების დაზუსტება სპეციფიკურად განსაზღვრული სწავლის შედეგისა და შესრულების კრიტერიუმისთვის

მტკიცებულებები მიუთითებენ იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებითაც შეფასდება სტუდენტი. მტკიცებულებებით ზუსტდება, თუ რისი შექმნა მოეთხოვება, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იცოდეს სტუდენტმა.

ცხრილში თვალსაჩინოებისთვის მოცემულია სწავლის სტანდარტული და დაზუსტებული შედეგები, შესრულების კრიტერიუმები , კომპეტენციის პარამეტრები და მტკიცებულებები

სწავლის შედეგი

სტუდენტი შეძლებს მარტივი ბულიონის და სუპპიურეს მომზადებას საბაზისო ჭრის უნარების გამოყენებით

სწავლის დაზუსტებული შედეგი

სტუდენტი შეძლებს მარტივი ბულიონის და სუპპიურეს მომზადებას საბაზისო ჭრის ზოგიერთი უნარების გამოყენებით

შესრულების კრიტერიუმი (ინდიკატორი)

          არჩევს სხვადასხვა სახის ბოსტნეულისთვის შესაბამის საჭრელ ხელსაწყოებს

          სწორად იყენებს ბოსტნეულის ჭრის ძირითად მეთოდებს

          ამზადებს მარტივ ბულიონს

შესრულების

დაზუსტებული კრიტერიუმი (ინდიკატორი)

          არჩევს სხვადასხვა სახის ბოსტნეულისთვის შესაბამის საჭრელ ხელსაწყოებს

          სწორად იყენებს ბოსტნეულის ჭრის ზოგიერთ მეთოდებს

          ამზადებს მარტივ ბულიონს პიქტოგრამით შედგენილი რეცეპტით

კომპეტენციის პარამეტრების დიაპაზონი

ბოსტნეულის ნაჭრების: დიდი ზომის კვადრატები, საშუალო ზომის, მოგრძო, თხელი ზოლები და ა.შ.

კომპეტენციის დაზუსტებული პარამეტრების დიაპაზონი

ბოსტნეულის ნაჭრების: დიდი ზომის კვადრატები

მტკიცებულებები

          ბულიონის კეთების პროცესზე დაკვირვება

          დაჭრილი ბოსტნეული ნაჭრები

დაზუსტებული მტკიცებულებები

          ბოსტნეული დაჭრის პროცესზე დაკვირვება

          დაჭრილი ბოსტნეული ნაჭრები

 

v  ფუნქციური მიზნები

გარდა პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანებისა, შესაძლოა, პროფესიული განათლების მიღების პროცესში სტუდენტისთვის შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ ჩამოყალიბდება ის წინაპროფესიული (ზოგადი, ყველა პროფესიისთვის საერთო) უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებაც მნიშვნელოვანია დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სხვა შემთხვევაში ამ ტიპის უნარებს ფუნქციურ მიზნებსაც უწოდებენ. ფუნქციური მიზნების მაგალითები შეიძლება იყოს:

-     დროის მართვა;

-     სივრცის მართვა;

-     ინსტრუქციების შესრულება/მიყოლა;

-     პირად ჰიგიენასა და შესახედაობაზე (გარეგნობაზე/ჩაცმულობაზე) ზრუნვა;

-     ეფექტური კომუნიკაცია;

-     სოციალური უნარ-ჩვევები;

-     კონსტრუქციული კრიტიკის მიღება და გამოყენება;

-     ამოცანის დასრულებაზე ორიენტაცია;

-     საქმის კეთებისას მოტივაციის შენარჩუნება;

-     თავდაჯერებულობა;

-     ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა;

-     სხვებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევა;

-     სხვადასხვა სიტუაციაში გაჩენილი პრობლემების მოგვარების უნარი;

-     სიმარჯვე (ნატიფი მოძრაობები);

-     ტრანსპორტით სარგებლობა;

-     სამუშაოს ხარისხის მნიშვნელობის წვდომა;

-     ზედამხედველის, უფროსის მნიშვნელობის წვდომა;

-     შესასრულებელ საქმეზე პასუხისმგებლობა.

წინაპროფესიული უნარების გამომუშავებაში აქტიური როლი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ გუნდსაც აკისრია.

მოდულის/პროფესიული პროგრამის ფარგლებში ფუნქციური მიზნების დამატება  მოდიფიკაციას  წარმოადგენს.

 

v  დასკვნა

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტი იქმნება მოდულის/პროფესიული პროგრამის ფარგლებში იმისთვის, რომ არგუმენტირებულად განისაზღვროს და დოკუმენტურად გაფორმდეს სტუდენტის მიერ, პედაგოგის მხარდაჭერით, მოდულით/პროფესიული საგნით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის პროცესი. ასეთი არგუმენტირებული დოკუმენტი ლეგიტიმურს ხდის და ხსნის ინდივიდუალური სწავლა-სწავლების პროცესს, რომელიც კონკრეტული სტუდენტისთვის დადგინდება.

სტუდენტს სასწავლო პროცესში, სხვადასხვა დროს, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ადაპტაცია დასჭირდეს: მხოლოდ აკომოდაცია ან აკომოდაცია მოდიფიკაციასთან ერთად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მოდულის სპეციფიკიდან გამომდინარე,  აკომოდაციისა  და მოდიფიკაციების ცვლილება და მონაცვლეობა.