მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები 2022“ გაიხსნა

11/18/2022                          



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის 100 წლის იუბილეს ფარგლებში და სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დაარსებიდან 65 წლის აღსანიშნავად,  ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -  „ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები 2022“ გაიხსნა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

როგორც რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ფაკულტეტი, რომელსაც დაარსებიდან 65 წელი შეუსრულდა, ციფრული და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში საერთაშორისო სიახლეებს ფეხდაფეხ მიჰყვება.

„დღეს ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ - ახალი ტექნოლოგიები ყოველწუთიერად ჩნდება და ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი უკიდეურესად მზარდია. პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის, ინტერნეტთან თითქმის 50 მლრდ მოწყობილობას ექნება კავშირი. ეს უკვე სულ სხვა გამოწვევა და სხვა რეალობაა. დღეს, ყველა საუბრობს ციფრული ტრანსფორმაციის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე, გამოიკვეთა წამყვანი მიმართულებები ინფორმატიკასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ისეთი, როგოროცაა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, პროცესების რობოტიზებული ავტომატიზაცია, ღრუბლოვანი გამოთვლები, კვანტური კომპიუტინგი, საგნების ინტერნეტი, ბლოქჩეინ ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება და სხვ.

სასიხარულოა, რომ ჩვენი მეცნიერები და მათ შორის, ახალგაზრდა მკვლევრები ფეხდაფეხ მიჰყვებიან მსოფლიო სიახლეებს. განსაკუთრებით გვახარებს მომავალი თაობის წარმატება, ვინც ხვალ უნდა შეგვცვალოს და დღეს უკვე გამორჩეული და წარმატებულია. ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ჩართულნი არიან ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პროექტებში, როგორიცაა ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპას“ საგრანტო პროგრამა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები საქართველოში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენს მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა წარმატება საერთაშორისო კოლაბორაციებში. ახლახან, ჩვენ გვქონდა მაღალი დონის ვიზიტები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, ჟენევაში და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში - KEK-ში, ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსში - J-PARC-ში, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა უშუალოდ გავცნობოდით, თუ როგორი წარმატებით ასრულებენ გლობალურ ექსპერიმენტებში ურთულეს სამეცნიერო სამუშაოებს ჩვენი კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები, მათ შორის ახალგაზრდები, და რამდენად ღირებულია მათი კონტრიბუცია. ცოდნა და გამოცდილება, რასაც ისინი ამ უდიდეს სამეცნიერო ცენტრებში ეუფლებიან, ხვალ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება. გვემაყება, რომ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ამ შემთხვევაშიც ღირსეულად არის წარმოჩენილი. გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი ფაკულტეტის 65 წლის იუბილეს და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის გახსნაზე მონაწილეებსა და მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე; დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი, მარიო ნოიგებაუერი; ERN-ის (European Reference Networks) სამედიცინო განაცხადების უფროსი მრჩეველი და ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი, მანჯიტ დოსანჯი; დებრეცენის უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორი, იანოშ შტრიკი; სუონსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი რიჩარდ ჰუგტენბურგი; ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კოლეჯ VIVES-ს (ბელგია) პროფესორი, მაკა ხარატიშვილი დე ლამეიორი; სკოპიჟის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ მაკედონია) პროფესორი, მიმოზა რისტოვა;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენელი გიორგი ხეცურიანი, IT სერვისისა და IT კონსალტინგის ტექნოლოგიურ-საინჟინრო კომპანია DatArt-ის გლობალური ლიდერი ოლგა დენისენკო და ფაკულტეტის სტუდენტები.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ფაკულტეტმა ბოლო პერიოდში არაერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.

„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებულია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ესწრებიან ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ევროპიდან. ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. ყურადღებას რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ: უახლოეს დღეებში, ფაკულტეტზე ჩატარდება ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტო ABET-ის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ექსპერტთა ვიზიტი. ისინი ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნობიან. გაწეული კოლოსალური შრომისთვის მადლობას ვუხდით ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროფესორს, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამის რეალიზაციაში. არ იყო მარტივი პროგრამის ამ ეტაპამდე მიყვანა. ფაკულტეტზე ABET აკრედიტაციისთვის კიდევ 2 პროგრამა მზადდება, რომლებიც კურსდამთავრებულთა გამოშვებისთანავე, ასევე გაივლიან საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

გასულ წელს ჩვენს ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი სტრქუტრული ცვლილება განხორციელდა - შეგვემატა ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უაღრესად მაღალი დონის პროფესიონალებითა და სპეციალიტებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი. ახალ დეპარტამენტთან ერთად, ფაკულტეტმა უკვე წარმატებით გაიარა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომები მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში. დეპარტამენტის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ფაკულტეტის ცხოვრებაში. მათი ინიცირებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ორმხრივად სასარგებლო ცვლილებამ ამ ზაფხულშივე გამოიღო დადებითი შედეგი: სრულად შეივსო ვაკანტური ადგილების რაოდენობა ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად არის გამოცხადებული. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ფაკულტეტზე ბოლო პერიოდში განხორციელდა. სამომავლოდ, გაცილებით მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა. მონაწილეები საკონფერენციო ნაშრომებში განიხილავენ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ღრმა სწავლების უახლეს ტენდენციათა მიმოხილვა; ინფორმატიკისა და სოციალურ მეცნიერებათა დიალექტიკა; დიდ მონაცემთა დამუშავების ეტაპები და ანალიზი; NoSQL მონაცემთა ბაზის ავტომატური კლასტერირება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის გამოყენებით; რეგიონის მდგრად განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და მეთოდოლოგია; კიბერუსაფრთხოების გამოწვევები; რისკების მართვის პრობლემები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში; ლოკალური ქსელების კვლევა უსაფრთხოების ჭრილში; ქსელურ კომუნიკაციებში უსაფრთხოების პროტოკოლების დამუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები; სექვემატორები და მათგან მიღებული ინფორმაციის ბიოინფორმატიკული ანალიზი; ინოვაციები ელექტრონული კომერციაში და სოციალური კომერციის თანამედროვე გამოწვევები; სტუ-ში „ციფრული ჰუმანიტარიისა და გამოთვლითი ლინგვისტიკის“ ამოქმედების მიზნები და პრობლემები; ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება; მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვ.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები 2022“ მუშაობას 19 ნოემბერს დაასრულებს. საკონფერენციო ნაშრომები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება.