Erasmus+ საერთაშორისო კვირეული - სტუ-ს თანამშრომლის ადმინისტრაციული მობილობა პარი-საკლეს უნივერსიტეტში









11/08/2022 2022 წლის 10 - 14 ოქტომბერს, საფრანგეთის პარი-საკლეს უნივერსიტეტში (Paris-Saclay University) გაიმართა Erasmus+ თანამშრომელთა ტრეინინგის კვირეული, რომელიც გულისხმობდა პროექტის პარტნიორი ინსტიტუციებიდან Erasmus+ გაცვლითი პროექტის საქმიანობაში ჩართული თანამშრომლებისთვის ორგანიზებულ პრაქტიკული სემინარების კურსს.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიაუნი. Erasmus+ თანამშრომელთა ტრეინინგკვირეულში ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

ტრეინინგის ფარგლებში გაიმართა არაერთი პრაქტიკული სემინარი და ვორქშოპი, სადაც განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: შემომავალი და გამავალი მობილობების მენეჯმენტი და შესაბამისი პროცედურები; Erasmus+ პრიორიტეტები: ინკლუზია, მდგრადი გარემოს დაცვა; ვირტუალური მობილობა და სწავლების ინოვაციები; ინტერკულტურული ვორქშოპი.

მონაწილეებმა წარმოადგინეს ზემოაღნიშნულთან საკითხებთან მიმართებით თავიანთ ქვეყნებსა თუ უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკა,  ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შეაჯერეს არსებული პირობების გათვალისწინებით საკუთარი უნივერსიტეტებისათვის  ოპტიმალური პროცედურების განხორციელების შესაძლებლობები ამ მხრივ.

განხილული იქნა პარტნიორ უნივერსიტეტებში არსებული შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები Erasmus+ მობილობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

კვირეულის ბოლო დღეს მონაწილეებს ჰქონდათ ინდივიდუალური შეხვედრები ფაკულტეტების (პარტნიორ უნივერსიტეტთან ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით) საერთაშორისო ურთიერთობების ოფისებში, ხოლო შემდგომ მასპინძლებმა კოლეგებს დაათვალიერებინეს ფაკულტეტებზე არსებული უახლესი ტექნიკით აღჭურვილი უნივერსიტეტის ლაბორატორიები, ადგილზე ნახეს იქ მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოები. ასევე, ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის კამპუსი, ბოტანიკური ბაღი.

საერთაშორისო კვირეული საკმაოდ ინტენსიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ ცნობილი ვერსალის სასახლე (Château de Versailles), საღამოს გემით გაესეირნათ მდინარე სენაზე.

 

სიახლეებში დაბრუნება