Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში









05/24/2023 მიმდინარე წლის 15 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, ექვსი უცხოურ უნივერსიტეტიდან ეწვია თერთმეტი  წარმომადგენელი სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინირებით, მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტზე ჩაატარეს ლექციები და ტრეინინგები სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, გამართეს სამუშაო შეხვედრები ქართველ კოლეგებთან საგანმანათლებლო და კვლევითი თანამაშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

უცხოელი კოლეგები სტუ-ს შემდეგ ფაკულტეტებს სტუმრობდნენ:
  • სამშენებლო ფაკულტეტი - პროფ. საულიუს ასლანასი (Saulius Raslanas) (ვილნიუსის გედიმინასის უნივერსიტეტი, ლიეტუვა - Vilnius Gediminas Technical University); 
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების უნივერსიტეტი - პროფ. მარცინ კორჩენიოვსკი (Marcin Korzeniowski) (ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პოლონეთი - Wrocław University of Science and Technology)
  • სამთო-გეილოგიური ფაკულტეტი - ასოც. პროფ. დარიუს პოპოვასი (Darius Popovas) (ვილნიუსის გედიმინასის უნივერსიტეტი, ლიეტუვა - Vilnius Gediminas Technical University);
  • სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი - პროფ. მიროსლავ ბონეკი (Mirosław Bonek) (სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი - Silesian University of Technology – SUT);
  • ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგიის ფაკულტეტი - ასისტ. პროფ. უღურ არაბაჩი (გაზის უნივერსიტეტი, თურქეთი - Gazi University), მკვლევარი ასისტენტი უღურ ოზდემირი (UĞUR ÖZDEMİR) (გაზის უნივერსიტეტი, თურქეთი - Gazi University) და პროფ. თანერ კავასი (Taner KAVAS) (აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი, თურქეთი - Afyon Kocatepe University);
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტ. პროფ. დერია კაჩმაზი (Derya KAÇMAZ) (სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი, თურქეთი - Sivas Cumhuriyet University) და ასისტ. პროფ. აბდულკადირ ერგიუნი (Abdulkadır ERGÜN) (სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი, თურქეთი - Sivas Cumhuriyet University).
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, მუზეუმები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები ზემოაღნიშნულ ფაკულტეტებზე, უფრო ახლოს გაეცნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს, რაც ხელს შეუწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.

18 მაისს სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პროფ. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილმა და პროფ. თამარ ლოლაძემ უცხოელ კოლეგებს წარმოუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, გააცნეს თავიანთი ფაკულტეტების აქტივობები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. ასევე, შეხვედრაზე "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა დოქ. მარინა რაზმაძემ. 
გააკეთა მოხსენება ეროვნული ოფისის მნიშვნელობაზე და მის ძირითად საქმიანობაზე, განხილული იქნა სხვადასხვა კონკურსში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივით, კონსორციუმის წევრების იდენტიფიცირების მიზნით დაიგეგმა სამომავლო ჰიბრიდული შეხვედრები.

კვირეულის ინტენსიური სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც, რომლის ფარგლებშიც, უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ თბილისის ღირსშესანიშნაობები, მოენახულებინათ მცხეთის არქიტექტურული ძეგლები და დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული სამზარეულო.


 

სიახლეებში დაბრუნება