Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორების სამუშაო ვიზიტი სტუ-ში, ტრეინინგის მიზნით









04/08/2023


2023 წლის 6-10 თებერვალს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრეინინგის მიზნით, მობილობით იმყოფებოდა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) ასისტენტ პროფესორი თუღბა დედებაში (Tuğba DEDEBAŞ) და მასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ინჟინერინგის ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, ასისტენტ პროფესორი სენემ გუნერი (Senem Guner).


ქალბატონი ტუღბა დედებაში აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების დეპარტამენტის ახალგაზრდა ასისტენტ პროფესორია, რომლის სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია რეგიონისთვის უნიკალური სამედიცინო და არომატული მცენარეების ბიოაქტიური თვისებების შესწავლაზე, ასევე, საკვებში მიმდინარე ფიზიო-ქიმიური და ბიოქიმიური პროცესების განსაზღვრის ახალი მეთოდების კვლევებზე.


სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე ახალგაზრდა ვიცე-დეკანმა ისაუბრა თავისი ფაკულტეტის შესახებ, იქ მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. ქართველ კოლეგებს ვრცლად მოუთხრო ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული გამოცდილების შესახებ სტუდენტების რეკრუტირებასთან დაკავშირებით.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქ კოლეგებს დაათვალიერებინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური ექსპონატებით.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, თურქ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თბილისისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს, ქართულ სამზარეულოს, რასაც მობილობის პროგრამის სოციალურ-კულტურული აქტივობები ითვალისწინებდა.

 

სიახლეებში დაბრუნება