ERASMUS+ - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების აკადემიური მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში









03/25/2023 2022 წლის 20-24 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორები ლია რუხაძე და ნინო ჟიჟილაშვილი, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი).

ახალგაზრდა ქართველმა მკვლევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პოლონური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვორქშოპებში: I საერთაშორისო ვორქშოპი ელექტრონიკასა და ინფორმატიკაში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით, ზედაპირის ტექნოლოგიების X საერთაშორისო ვორქშოპი და გამოყენებითი და მდგრადი ინჟინერინგის VI საერთაშორისო ვორქშოპი.

ვორქშოპებზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქარის ენერგიის, ტექნიკურ სისტემებში გამოსახულების დამუშავების, ზოგადად, გამოყენებითი და მდგრადი ინჟინერინგის მიმართულებით არსებული ტენდენციების შესახებ. გარდა მოხსენებებისა, ვორქშოპის მონაწილეებმა დაათვალიერეს კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, გაეცვნენ იქ მიმდინარე კვლევით და პრაქტიკულ სამუშაოებს.

ქართველმა ასისტენტ პროფესორებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ლია რუხაძემ, მოხსენებასთან ერთად, უცხოელ კოლეგებს წარმოუდგინეს ტექნიკური უნივერსიტეტი, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ისაუბრეს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო-კვლევით აქტივობებზე და მიღწევებზე, ასევე, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლისა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა მასპინძელი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზება გაუკეთეს "საქართველოს დღეს", სადაც ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ საქართველოს, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, ასევე, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული ღვინო, კერძები და ტკბილეული.

საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების ინტენსიური პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც, რომელიც მიზნად ისახავდა მასპინძელი ქვეყნის გაცნობას, ნეტვორკინგს კოლეგებს შორის და შესაბამისად, ახალი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

 

სიახლეებში დაბრუნება