ERASMUS+ - ბეირას ინტერიორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფიცრის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









03/04/2023 2022 წლის 12 - 16 დეკემბერს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ტრეინინგის  მიზნით მობილობით იმყოფებოდა ტომას დავიდ როჩა კორეირა (Tomás David Rocha Correia), პროექტის კოორდინატორი ბეირას ინტერიორის უნივერსიტეტიდან (University of Beira Interior) (კოვილია, პორტუგალია).

ბეირას ინტერიორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერს მასპინძლობდა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და სათანადო მექანიზმები; კავკასიის რეგიონში შესაძლო სტრატეგიული პარტნიორების მოძიება ინსტიტუტციური განვითარების პროექტების მოსამზადებლად. ასევე, პარტნირო უნივერსიტეტების რეგულაციებში გაწერილი აპლიკანტთა შერჩევის კრიტერიუმები.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა და მარიკა ზვიადაძემ ახალგაზრდა პორტუგალიელ კოლეგას დაათვალიერებინეს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური ექსპონატებით; თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები ენერგეტიკის ფაკულტეტზე და სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის პოპულარული მუზეუმები.

პორტუგალიელი სტუმარი შეხვდა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, პროფ. ელენე შატაკიშვილს და პროფესიული გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელს ნათია ქსოვრელს, რომლებმაც პორტუგალიელ სტუმარს დაათვალიერებინეს უნიკალური ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და წარმოუდგინეს აღნიშნული ტექნიკის აქტუალობა და მნიშვნელობა ენერგიის განახლებადი წყაროების შესწავლისათვის, ხოლო ბატონმა ზაზა იაშვილმა ახალგაზრდა პორტუგალიელს მეგზურობა გაუწია მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში. მუზეუმის ექსპონატებმა არანაკლები ინტერესი გამოიწვია სტუმარში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში ახალგაზრდა პორტუგალიელი სტუმარი შეხვდა კოლეგებსაც საფრანგეთიდან, ნასიმ იჰადადენეს (Nacim IHADDADENE) (Junia ISEN Lille უნივერსიტეტი), რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სწავლების მიზნით სტუმრობდა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტს და პროექტის კოორდინატორს, ქალბატონ ვირა ვანეპენს (Vira Wannepain), რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტები ნინო გოგოლაძე და ლუკა მეტრეველი, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა Erasmus+ მობილობის პროექტის კონკურსში Junia ISEN Lille უნივერსიტეტში და როგორც Erasmus+ სტუდენტები, სწავლას გააგრძელებენ საფრანგეთში.

შეხვედრაზე პორტუგალიელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად განხილული იქნა ინსტიტუციური განვითარების პროექტის მომზადების შესაძლებლობა აგრარული მიმართულებით. უცხოელმა და ქართველმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ უნივერსიტეტებში მობილობის პროცედურების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.

შეხვედრის დასასრულს, ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა პროფ. დევი ხვედელიანმა ბატონ კორეირასა და ბატონ იჰადადენეს გადასცა ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელების დამადასტურებელი სერტიფიკატები და წარმატებები უსურვა მათ.

აღსანიშნავია, რომ მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით პორტუგალიელ სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თბილისისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს.


 

სიახლეებში დაბრუნება