Erasmus+ - სტუ-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში









12/01/2022


2022 წლის 7-13 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი). ვიზიტი ERASMUS+ KA1 პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილსა და მარიკა ზვიადაძეს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფ. ანა კობიაშვილს, პროექტის კოორდინატორმა, ქალბატონმა მირეი დუკასმა (Mireille Ducasse) უმასპინძლა. ისაუბრეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ქართველი სტუდენტების წარმატებაზე, მომავალ თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ ორ ინსტიტუციას შორის არსებული თანამშრომლობა ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში გრძელდება.

სტუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის უფროსს, ანე-სოფი გაბლინს (Anne-Sophie Gablin), საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების დირექტორს, იზაბელ ტიბონს (Isabelle Thibon), უცხოელ სტუდენტთა კოორდინატორს, კაროლ ბურლეის (Carole Bourley), მათემატიკის დეპარტამენტის წარმომადგენელს მუნირ ჰადოუსა (Mounir Haddou) და სხვებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი 2019 წლიდან თანამშრომლობენ. პროექტის ფარგლებში მობილობით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის 5-მა სტუდენტმა ისარგებლა. ქართველმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქალბატონი მირეის მიერ გამოჩენილი ყურადღება სტუ-ის სტუდენტების მიმართ, რომლებიც 2020 წელს, კოვიდპანდემიის პირობებში, რენში იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ქალბატონი მირეი დუკასი 1993 წლიდან არის სრული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში INSA Rennes-ში. 2021 წლის თებერვლამდე იყო INSA Rennes-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით. მირეი დუკასი დაინტერესებულია ქართული კულტურით, სწავლობს ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს. იგი საქართველოს ხშირი სტუმარია. 2022 წლის აპრილში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ ფრანგი პროფესორის სალექციო კურსს - „ფორმალური კონცეფციის ანალიზი და ლოგიკური საინფორმაციო სისტემები სემანტიკური ქსელის შესანარჩუნებლად - ქართული ზმნის საკითხი“.

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტუტუტი 1966 წელს შეიქმნა. იგი არის საინჟინრო სკოლების წამყვანი ფრანგული ქსელის - INSA ჯგუფის წევრი.

ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის წარმომადგენლები ეწვივნენ უნივერსიტეტ რენი 1-ს (University of Rennes 1), რომელთანაც ტექნიკურ უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის უფროსს, მაელ ფლოტსა (Maëlle Flot) და ოფისის თანამშრომლებს.

სტუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტისა და უნივერსიტეტ რენი 1-ის მიერ დაგეგმილ კულტურულ აქტივობებში.


 

სიახლეებში დაბრუნება