Erasmus+ - სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









08/02/2022
2022 წლის 11 – 15 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) წარმომადგენელი ჯერენ აიდემირი (Ceren Aydemir).

ქალბატონი ჯერენი გლობალურ ტალანტთა მენეჯმენტის ცენტრის თანამშრომელია და მისი საქმიანობა უკავშირდება ორმხრივი ხელშეკრულებების მომზადებასა და გაფორმებას უცხოეთის ინსტიტუციებთან და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას მათთან.

ახალგაზრდა თურქ სტუმარს მასპინძლობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფ. მარიამ ჯიქია. ასევე, მეგზურობას უწევდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტ. პროფ. ნინო ომანაძე, რომლებმაც მანამდე წარმატებით განახორციელეს მობილობა თურქულ უნივერსიტეტში.

ქართველმა კოლეგებმა თურქ სტუმარს წარმოუდგინეს თავიანთი ფაკულტეტები, გააცნეს იქ მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესები, დაათვალიერებინეს ტექნიკური უნივერსიტეტის პოპულარული საუნივერისტეტო ბიბლიოთეკა და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. გიორგი ქვარცხავასთან შეხვედრისას ქალბატონმა ჯერენმა ისაუბრა თავისი უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის შესახებ, ხოლო ბატონმა გიორგიმ - თავისი ფაკულტეტის, იქ მიმდინარე კვლევითი-საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ. განხილული იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების შესაძლებლობა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით.

დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის პროცესების მიმდინარეობაზე და ამ მხრივ, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტუ-ში ინტერნაციონალიზაციის დოკუმენტის განახლებაზე მუშაობისათვის.

აღსანიშნავია, რომ მობილობის პროგრამა ითვალისიწნებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და პროფ. მარიამ ჯიქიას და ასისტ. პროფ. ნინო ომანაძის ორგანიზებითა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, ახალგაზრდა თურქ კოლეგას შესაძლებლობა მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა თბილისისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს.

 

სიახლეებში დაბრუნება