Erasmus+ - სალექციო კურსი საფრანგეთში რძის წარმოების პროცესებთან დაკავშირებით აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე









07/30/2022

2022 წლის 30 მაისიდან 3 ივნისამდე, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი Junia ISA Lille უნივერსიტეტის (ლილი, საფრანგეთი) სოფლის მეურნეობისა და ლანდშაფტმცოდნეობის დეპარტამენტის ლექტორი-მკვლევარი ვალერი ჟაკერი (Valérie Jacquerie).

ახალგაზრდა ფრანგმა ლექტორმა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კვების ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი რძის წარმოების პროცესებთან, რძის პროდუქციასთან დაკავშირებით და, ასევე, ზოგადად, მეცხოველეობის სისტემების შესახებ საფრანგეთში.

გაიმართა სამუშაო შეხვედრაც სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, სადაც ვალერი ჟაკერის თან ახლდა პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი ვირა ვანეპენი (Vira Wannepain), რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში. ტქენიკური უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფ. თამარ ლომინაძემ; ამავე ფაკულტეტის დეკანის თანაშემწემ მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფ. ლილი პეტრიაშვილმა; ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. მარიამ ჩხაიძემ; არქიტექტურის. ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნინო იმნაძემ; დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის თანაშემწემ მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფ. გოჩა მიქიაშვილმა; სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა ალექსანდრე დავითაშვილმა, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა: თეა მურვანიძემ (უფროსის მოადგილე), ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა და მარიკა ზვიადაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე Erasmus+ გაცვლით პროექტებს Junia ISA Lille და Junia ISEN Lille უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც ძირითადი მიმართულებებია შესაბამისად, აგრარული და საინფორმაციო ტექნოლოგიები. პროექტის კოორდინატორი დაინტერესდა ახალი გაცვლითი პროექტის მომზადებით Junia HEI Lille უნივერსიტეტთან ერთად, სადაც გათვალისწინებული იქნება ისეთი სამეცნიერო მიმართულებები, როგორიცაა ინჟინერია, არქიტექტურა, დიზაინი. ამასთან დაკავშირებით, ფაკულტეტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა ახალი ერთობლივი პროექტისათვის მოსამზადებელი საკითხები, რომ მომდევნო Erasmus+ კონკურსისთვის წარდგენილი იყოს ახალი საპროექტო განაცხადი Junia HEI Lille უნივერსიტეტთან ერთადაც.

ასევე, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ანგარიშის მოსამზადებელი დეტალები Junia ISA Lille უნივერსიტეტთან მიმდინარე გაცვლით პროექტთან დაკავშრებით.

 

სიახლეებში დაბრუნება