Erasmus+ - სალექციო კურსი კონსერვაციის პრობლემებზე ადგილობრივ ისტორიულ ხის არქიტექტურულ ძეგლებთან დაკავშირებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში შემორჩენილი ბერძნულ-კათოლიკური ისტორიული საეკლესიო ნაგებობების მაგალითზე









07/29/2022

2022 წლის 13 – 17 ივნისს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) მონუმენტთა კონსერვაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ტომაშ ტომაშეკი (Tomasz Tomaszek).

ახალგაზრდა პოლონელმა არქიტექტორმა ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხა ონლაინლექცია კონსერვაციის პრობლემებზე ადგილობრივ ისტორიულ ხის არქიტექტურულ ძეგლებთან დაკავშირებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში შემორჩენილი ბერძნულ-კათოლიკური ისტორიული საეკლესიო ნაგებობების მაგალითზე.

ლექცია საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მსმენელებისთვის და პოლონელ და ქართველ კოლეგებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი პროფესიული გამოცდილება ხის არქიტექტურული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით. ლექციის დასასრულს ასოც. პროფ. ტომაშეკმა უპასუხა ქართველი სტუდენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

მობილობის პერიოდში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პოლონელი არქიტექტორი შეხვდა Erasmus+ მობილობის პროექტით სტუ-ში მყოფ თურქ კოლეგებს სტამბოლის Bilgi უნივერსიტეტიდან, ჰილმი დიონმეზსა (Hilmi Dönmez) და ბარიშ ასლანს (Barış Aslan). 
პოლონელმა და თურქმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილება თავიანთ უნივერსიტეტებში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, ახალგაზრდა პოლონელ არქიტექტორს  შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა საქართველოს ისტორიულ ძეგლებს და თბილისის პოპულარულ არქიტექტურულ ნაგებობებს, დაეთვალიერებინა თბილისის ღირშესანიშნაობები.


 

სიახლეებში დაბრუნება