Erasmus+ - ტორუნის ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









07/28/2022

2022 წლის 20 – 25 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის მიზნით, სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ტორუნის ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის (Nicolaus Copernicus University in Torun) (ტორუნი, პოლონეთი) წარმომადგენლები დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სივრცითი მენეჯმენტის ფაკულტეტიდან, ასოც. პროფ. პშემისლავ ხარჟინსკი (Przemysław Charzyński), და პროფ. მარჩინ სვიტონიაკი (Marcin Świtoniak).

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოლონელი პროფესორების მობილობა მიზნად ისახავდა პრაქტიკული აქტივობების განხორციელებას ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით, ასევე, თუშეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების, საძოვრებისა და დაცული ტერიტორიების მენეჯმენტზე პრაქტიკულ დაკვირვებას; ნიადაგის თვისებებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების ზეგავლენის განსაზღვრასა და ნიადაგების კლასიფიცირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას ქართველ კოლეგებთან.

პოლონელ სტუმრებს მასპინძლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტი ილია კუნჭულია, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა პოლონელი კოლეგების სამუშაო ვიზიტს კახეთსა და თუშეთში.

მობილობის პერიოდში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, სადაც პროფ. მარჩინ სვიტონიაკს და ასოც. პროფ. პშემისლავ ხარჟინსკის შეხვდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი, მარიკა ზვიადაძე და მარგალიტა სეროპიანი.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე გაცვლითი პროექტის ფინანსური დეტალები, კერძოდ, ე.წ. ორგანიზაციულ დახმარებასთან (Organisational Support – OS Grant) დაკავშირებული საკითხები და ამასთან დაკავშირებით, Erasmus+ პროგრამაში გაწერილი შესაბამისი რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ ასოც. პროფ. პშემისლავ ხარჟინსკი მანამდეც, 2021 წლის 19 – 23 ივლისს, ასევე, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მიზნით სტუმრობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავის კოლეგებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორობისა და საგანმანათლებლო მობილობის დეპარტამენტიდან: კატარჟინა ფუსსთან (Katarzyna Fus) და მაგდალენა სტრემპლევსკასთან (Magdalena Stremplewska) ერთად.

 

სიახლეებში დაბრუნება