ERASMUS+ - სალექციო კურსი მართვის სოციოლოგიის შესახებ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში









06/30/2022
2022 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი, პედაგოგი თინათინ ჭარხალაშვილი Erasmus+ გაცვლით პროექტის (KA107 აქტივობა) ფარგლებში, აკადემიური მობილობის მიზნით, პროექტის კოორდინატორ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) სტუმრობდა.

პროგრამის ფარგლებში, თინათინ ჭარხალაშვილმა, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციები ‘’მართვის სოციოლოგიის’’ შესახებ. სალექციო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ლექციები საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ლექციის მიმდინარეობის პროცესში. ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მასპინძელი უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფ. აგნიეზკა რზებკას თხოვნით, კონტაქტური სალექციო კურსის გარდა, ახალგაზრდა ქართველმა ლექტორმა საერთაშორისო სტუდენტებისათვის წაიკითხა ონლაინლექცია თემაზე ‘’როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში’’. პრეზენტაციას სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი და სამომავლოდ საქართველოში ბიზნესის წამოწყების იდეა მოჰყვა.

Erasmus+ პროექტის ფარგლებში ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში თინათინ ჭარხალაშვილმა, ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის საჯარო და საქმიან შეხვედრებში, ისე ვორქშოპებში. საქმიანი შეხვედრები გაიმართა ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებთან და ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკადემიურ და ადმინისტრაციულ მობილობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის, დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო პროექტები. საერთო ინტერესის საგანია კროსკულტურული კვლევების განხორციელება სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის - საქართველოს და პოლონეთის მასშტაბით.

საერთაშორისო კვირეულის პროგრამა, ასევე, ითვალისწინებდა კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა სოციალურ-კულტურული აქტივობის ორგანიზებას კვირეულის მონაწილეებისათვის.

 

სიახლეებში დაბრუნება