Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2022 - სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში









06/29/2022

2022 წლის 9 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი ნინო ქავთარაძე, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, მონაწილეობას ღებულობდა ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც გაიმართა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში (Vilnius Gediminas Technical University) (ვილნიუსი, ლიეტუვა). მობილობა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

ახალგაზრდა ქართველმა პროფესორმა კოლეგებს წარმოუდგინა ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ და აქტიური მონაწილეობა მიიღო პროექტით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაში, როგორიც იყო: დისკუსია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე; Erasmus+ პროგრამის პრიორიტეტების გავლენის განხილვა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე; ასევე, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე, სადაც ქართველ კოლეგას შესთავაზეს ლექციების წაკითხვა მომავალი სემესტრიდან.

ასევე, საინტერესო შემოთავაზებები იქნა მიღებული სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე.

პროგრამის მიხედვით, საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი; უნივერსიტეტის კრეატიულობისა და ინოვაციების ცენტრი და ანტანას გუტაიტის საავიაციო ინსტიტუტის ტრეინინგის ლაბორატორია.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეულის პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც, როგორიცაა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების მონახულება, ექსკურსია ტრაკაიში, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ლიეტუვის კულტურასა და ტრადიციებს.


 

სიახლეებში დაბრუნება