Erasmus+ - სტუ-ს თანამშრომლები საერთაშორისო კვირეულზე ტუშის უნივერსიტეტში









06/29/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ტუშის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. თანამშრომელთა ტრეინინგის კვირეული იტალიის ქალაქ ვიტერბოში 2022 წლის 23-27 მაისს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. 

ღონისძიებას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სტუ-იდან დაესწრნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიკა ზვიადაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ლალი კლოიანი, Horizon Europe-ის ოფისის წარმომადგენელი ლუკა ქემოკლიძე და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დარგში გინა გურეშიძე. 

კვირეულის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა სტეფანო უბერტინიმ, რექტორის წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში სიმონე სევერინიმ, მობილობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა კარლო კონტარდომ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, ასევე, სამსახურის წარმომადგენლები: ანჯელა ფატორეტი, ელტონ სკენდაჯი, ფელიჩიტა რიპა, ვანესა ტორი, მარჩელა ბარონე და პაველ მალიჟენკოვი. 

კვირეულის პროგრამა მოიცავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს, ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე მსჯელობას, სხვადასხვა სამეცნიერო და კუტურულ აქტივობას. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ტუშის უნივერსიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, Erasmus+ პროგრამის KA 1 (სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლა) და KA 2 (ინსტიტუციური განვითარების პროექტები) აქტივობის მიმართულებით - MENVIPRO, VRAILEXIA, JOULE, DiFree, MAP4ACCESSIBILITY… ისაუბრეს ორმაგი დიპლომისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავების შესახებ. დაიგეგმა კონკრეტულ პროექტებზე (სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობა) მუშაობა შემოდგომის სემესტრიდან ჩეხეთის, საბერძნეთისა და შვედეთის უნივერსიტეტებთან.

დოქტორმა სონია მარია მელქიორემ პრეზენტაციის შემდეგ საქართველოდან ჩასულ სტუმრებს აჩუქა პროფესორ მანანა რუსეიშვილთან ერთად გამოცემული წიგნები - „საქართველო ჩემეული აღქმით: ინგლისური ენა და დისკურსიული პრაქტიკა ქართულ კულტურაში“. 

საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს ტუშის უნივერსიტეტისა და ვიტერბოს ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ბოტანიკურ ბაღსა და ექსპერიმენტულ ფერმას, თერმულ წყლებს, ისტორიულ ქალაქებს -  ჩივიტა დი ბანიორეჯიოსა და ორვიეტოს. 

ღონისძიების ბოლო დღეს კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


 

სიახლეებში დაბრუნება