Erasmus+ - სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მობილობა ტრეინინგის მიზნით ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტში









05/04/2022
2022 წლის 28 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მიზნით, მობილობით იმყოფებოდა ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტში (Kütahya Dumlupınar University - KDU) (ქუთაჰია, თურქეთი).

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა გამართა სამუშაო შეხვედრები თურქული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისში. ის შეხვდა ოფისის დირექტორს, ასისტ. პროფ. მუჰამეტ იუნუს შიშმანს (Muhammet Yunus ŞİŞMAN); დირექტორის თანაშემწეს, დოქტორ ბერინ დემირს (Berrin Demir); Erasmus კოორდინატორს, ბატონ ონურ დემირსილერს (Onur DEMİRCİLER), ასევე, ოფისთან არსებული საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფ. სამირ აფიფის (Samir AFIFI).

თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე ნინო ჟიჟილაშვილმა ისაუბრა ზოგადად საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და ამ პირობებში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო აქტივობებზე.

ბერინ დემირთან ერთად იმსჯელეს ახალ Erasmus+ პროგრამაში გაცვლითი პროექტის ფარგლებში თანამშომლობის გაგრძელების თაობაზე და განიხილეს სპეციფიკური მოკლევადიანი სასწავლო კურსების განხორციელების შესაძლებლობაც ტექნიკურ უნივერსიტეტში.

პროფ. სამირ აფიფისთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მომზადებას და აქცენტი გაკეთდა ამ მხრივ გარემოსდაცვის მიმართულებით საპროექტო განაცხადის მომზადებაზე.

თურქმა პროფესორმა ქართველ კოლეგას წარმოუდგინა პრეზენტაციაც ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობის შესახებ ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტში და კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ამ ტიპის პროექტების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

ტრეინინგების პარალელურად, ქუთაჰიას უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, საინჟინრო ფაკულტეტის ვიცე დეკანის, ასისტ. პროფ. უმრან ერჩეტინის (Ümran Erçetin) მასპინძლობით.

პროექტის გეგმის ფარგლებში, სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევარმა მოინახულა თურქული უნივერსიტეტის საინჟინრო  ფაკულტეტი, სადაც გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის ვიცე დეკანთან და ასოც. პროფ. ოქტეი შაჰბაზთან (Oktay Şahbaz), უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ყოფილ ხელმძღვანელთან. თურქმა მასპინძლებმა სტუმარს გააცნეს ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო აქტივობები და განიხილეს ქართველი და თურქი კოლეგებისთვის ერთობლივ პუბლიკაციებზე მუშაობის შესაძლებლობები.

ასევე, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე თურქმა მასპინძლებმა ქართველ სტუმარს დაათვალიერებინეს SRG ჯგუფის ლაბორატორია, პროფ. ფატიჰ შენის (Fatih Şen) ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებულ თანამედროვე ინსტრუმენტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში მიმდინარეობს უნიკალური კვლევები ნანოტექნოლოგიების მიმართულებით. პროფ. ფატიჰ შენი ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ახალგაზრდა თურქ მკვლევრად ითვლება თურქეთში და თავის გუნდთან ერთად, სადაც დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი, ახორციელებს მნიშვნელოვან კვლევებს და აქვს საერთაშორისო დონეზე აღიარებული აქტუალური მიღწევები ნანოტექნოლოგიების სფეროში.

პროფ. შენთან და მისი გუნდის წევრებთან ლაბორატორიაში შეხვედრის დროს განხილული იქნა ორ უნივერსიტეტს შორის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის მოკლევადიანი სტაჟირების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე.

საგულისხმოა, რომ მობილობის საკმაოდ დატვირთულ სამუშაო პროგრამაში გათვალისწინებული იყო ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც და თურქეთში მობილობის პერიოდში, საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელშეწყობითა და  საინჟინრო ფაკულტეტის ვიცე დეკანის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს საშუალება მიეცა, დაეთვალიერებინა უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი, სადაც სამაოდ ვრცელ სივრცეზე და შთამბეჭდავი ლანდშაფტის ფონზე განთავსებულია უნივერსიტეტის კორპუსები: ადმინისტრაცია, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი, საინჟინრო ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, განათლების ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ინსტიტუტი, სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტი, საბუნებისმეტყველო და გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი, ინფორმატიკის დეპარტამენტი, მთავარი ბიბლიოთეკა, სამედიცინო ცენტრი და სხვა.

ამასთან ერთად, უმრან ერჩეტინის ორგანიზებით, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა დაათვალიერა ქუთაჰიას ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშაობები, ასევე, ქუთაჰიას პროვინციაში მდებარე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აიზანოი და ამ ანტიკური ქალაქის ნანგრევები: ზევსის ტაძარი, ამფითეატრი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ბაზარი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ თურქული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები უმრან ერჩეტინი და ფატიჰ შენი.

თურქული უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე Erasmus+ პროექტის ფარგლებში მობილობა წარმატებით განახორციელა სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ია წოწორიამ.

 

სიახლეებში დაბრუნება