INSA Rennes-ის პროფესორის სამუშაო ვიზიტი სტუ-ში









05/03/2022

2022 წლის 7 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მირეი დუკასი (Mireille Ducassé). 

მირეი დუკასმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის უფროსი დევი ხვედელიანი, ნინო ჟიჟილაშვილი და მარიკა ზვიადაძე, ასევე, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფ. ლილი პეტრიაშვილი და დეკანატის წარმომადგენელი ეკატერინე პაპავა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. განიხილეს სასწავლო პროგრამებთან და Erasmus+ პროექტის ფარგლებში სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობასთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება გაამახვილეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ფრანგულ უნივერსიტეტში სტაჟირების შესაძლებლობებზე.

მირეი დუკასმა დაათვალიერა სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, შეხვდა ბიბლიოთეკის დირექტორს, ვაჟა პაპასკირს.

12, 13 და 14 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ ფრანგი პროფესორის სალექციო კურსს - „ფორმალური კონცეფციის ანალიზი და ლოგიკური საინფორმაციო სისტემები სემანტიკური ქსელის შესანარჩუნებლად - ქართული ზმნის საკითხი“. მირეი დუკასმა განიხილა ფორმალური კონცეპტუალური ანალიზისა და ლოგიკური საინფორმაციო სისტემების (LIS) საკითხები ქართული ზმნის სპეციფიკურობის ჭრილში, ფორმალური კონცეფციის ანალიზისა და კონცეფციის გისოსების თემები.

მირეი დუკასი 1993 წლიდან არის სრული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში INSA Rennes-ში. იყო INSA Rennes-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე. მისი კვლევითი ინტერესები ორიენტირებულია მონაცემთა ანალიზის გარშემო სხვადასხვა დომენში: დეფექტების აღმოფხვრა დ გამართვა, ლოგიკური პროგრამირება, თავდასხმის გამოვლენა, გადაწყვეტილების მიღება და ლექსიკოგრაფია. აქვს 60-ზე მეტი პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ გამოცემებში 2100-ზე მეტი ციტატით და h-ინდექსით 23. 2022 წლის თებერვალში დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი 2019 წლიდან თანამშრომლობენ. რამდენიმე ქართველმა სტუდენტმა წარმატებით ისარგებლა Erasmus+ მობილობით რენში. აღსანიშნავია ქალბატონი მირეის მიერ გამოჩენილი ყურადღება ქართველი სტუდენტების მიმართ, რომლებსაც კოვიდპანდემიის პირობებში რენში მოუწიათ იზოლაციაში ყოფნამ. 

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტუტუტი 1966 წელს შეიქმნა. იგი არის საინჟინრო სკოლების წამყვანი ფრანგული ქსელის - INSA ჯგუფის წევრი.

 

სიახლეებში დაბრუნება