Erasmus+ - სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტის თანამშრომლის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









04/27/2022
2022 წლის 11-15 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ტრეინინგის მიზნით, სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი თურქეთის სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტის (Istanbul Bilgi University) წარმომადგენელი, პროფ. აბდულა ტურანი (Abdullah Turan).

პროექტის კოორდინატორი თურქული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ელექტრონული რესურსების დეპარტამენტის პროფესორი ეწვია ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, შეხვდა ბიბლიოთეკის დირექტორს, პროფ. ვაჟა პაპასკირს და ქართველ კოლეგებს წარუდგინა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში არსებული გამოცდილება საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით. ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ღია წვდომა მთელ რიგ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან, ონლაინ რესურსები, ასევე, განხილული იქნა საბიბლიოთეკო ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემა და მისი შესაძლებლობები.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფ. დევი ხვედელიანთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს უნივერსიტეტში საინფორმაციო კულტურისა და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, თურქმა სტუმარმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით თავისი საქმიანობის შესახებ.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული აქტივობებიც. სტუ-ს საერთაშორისო ურთერთობების დეპარტამენტის ხელშეწყობით,  თურქმა სტუმარმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.




 

სიახლეებში დაბრუნება