ალკალის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი სტუ-ში









03/25/2022

1-ელ მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ალკალის უნივერსიტეტის (ალკალა, ესპანეთი) წარმომადგენლები - ესპანეთისა და საქართველოს სავაჭრო პალატის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მიგელ ფილიპე კამბას სანტოსი (Miguel F. Cambas Santos), ასოცირებული პროფესორი ტურიზმის მარკეტინგის მიმართულებით, ბლანკა როსა გარსია ენჩე (Blanca García Henche) და ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში იოლანდა ლაზარო გარსონი (Yolanda Lázaro Garzón), რომელიც სტუ-ს სტუმრობდა Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში ტრეინინგს მიზნით.

ესპანელ კოლეგებს უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის უფროსი პროფ. დევი ხვედელიანი და დეპარტამენტის წარმომადგენლები - ნინო ჟიჟილაშვილი; მარიკა ზვიადაძე; ასევე, საგამოცდო პროცესებისა და სწავლების ელექტრონული სისტემების განყოფილების უფროსი ასოც. პროფ. თამარ კუპრეიშვილი; ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელი აკადემიური დოქტორი გიორგი აგირბაია, რომელმაც გასულ სასწავლო წელს პროფ. კამბასის ხელმძღვანელობით წარმატებით განახორციელა Erasmus+ მობილობა ალკალაში, როგორც სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტმა და ამჟამად უკვე დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფლობს. 

დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც საგანმანათლებლო, ისე ერთობლივი კვლევითი პროექტების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტების მომზადების შესაძლებლობებს. 

ესპანელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, შეხვდნენ ბიბლიოთეკის დირექტორს, პროფ. ვაჟა პაპასკირს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ალკალის უნივერსიტეტი 2015 წლიდან თანამშრომლობენ. 2016 წელს ოფიციალურად მოეწერა ხელი ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, შემდეგ კი  ინტერინსტიტუციურ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ქართველ და ესპანელ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მობილობის განხორციელების საშუალება აქვთ.

 

სიახლეებში დაბრუნება