ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში









03/23/2022
2022 წლის 10 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის (Artvin Çoruh Üniversitesi) (ართვინი, თურქეთი) წარმომადგენლები - Erasmus+ პროგრამის კოორდინატორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის პროფესორი ჰაკან გულტეკინი (Hakan GÜLTEKİN) და კავკასიისა და მიმდებარე რეგიონების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მეჰმეთ ალი ქესქინი (Mehmet Ali Keskin).

სტუმრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის უფროსი პროფ. დევი ხვედელიანი და წარმომადგენლები - ნინო ჟიჟილაშვილი, მარიკა ზვიადაძე, მარგალიტა სეროპიანი. განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები. ასევე, მევლანას პროგრამის ფარგლებში წარსადგენ საპროექტო განაცხადზე მუშაობის დეტალები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, შეხვდნენ სტუ-ის საგრანტო ოფისის წარმომადგენლებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობენ. გაფორმებულია ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ქართველ და თურქ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მობილობის განხორციელების საშუალება აქვთ. 2021 წელს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინღონისძიებაში „კოვიდ 19-ის პერიოდში განათლების ახალი ფორმებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი“ აქტიური მონაწილეობა მიიღო  სტუ-ის წარმომადგენელმა მარიკა ზვიადაძემ, რომელმაც ვრცელი მოხსენება გააკეთა ამ კუთხით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და განიხილა პანდემიის პირობებში წარმოქმნილი ახალ გამოწვევები.

აღსანიშნავია, რომ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი 2007 წლის 17 მაისს დაარსდა. საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება 9 ფაკულტეტზე, სამაგისტრო - 1 ინსტიტუტში, პროფესიული განათლების კი 7 პროფესიულ სასწავლებელში. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში 9486 სტუდენტი სწავლობს. დაწესებულებაში 514 თანამშრომელია, მათ შორის, 216 პროფესორ-მასწავლებელი. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევითი და სოციალურ-კულტურული ობიექტები განლაგებულია ართვინის ქალაქის ცენტრში ორ მთავარ კამპუსში, კერძოდ, ცენტრალურსა და სეითლერის კამპუსში, ასევე, არჰავისა და ჰოფას კამპუსებში.

ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის კავკასიისა და მიმდებარე რეგიონების სამეცნიერო კვლევთი ცენტრი 2012 წელს დაარსდა და თანამშრომლობს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან. 

ართვინს, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში,  საქართველო ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული მხარე ტურიზმის მნიშვნელოვანი რეგიონია. გამოირჩევა ხისა და ქვის არქიტექტურის ულამაზესი ნიმუშებით, ადგილობრივი მუსიკითა და ცეკვებით, მდიდარი სამზარეულო კულტურით, ხელნაკეთი, განსაკუთრებით კი ხის ბრწყინვალე ნაკეთობების წარმოებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბროშურა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება