Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის თანამშრომელთა მობილობა სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით სტუ-ში









12/15/2021

5-11 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით, სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) წარმომადგენლები: ასოც. პროფ. იუნუს ემრე იუკსელი (Yunus Emre Yuksel) (Bolvadin პროფესიული სკოლის ელექტრობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ასისტ. პროფ. სედა იალჩინი (Seda Yalçın) (კვების ტექნოლოგიის დეპარტამენტი). 

სტუ-ში მობილობის პერიოდში თურქი კოლეგები ესტუმრნენ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს, სადაც ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გიგა ქვარცხავამ თურქ კოლეგებს დაათვალიერებინა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, ესაუბრა ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ პროფ. დევი ხვედელიანი, დეპარტამენტის უფროსი; ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი; პროფ. ლენა შატაკიშვილი, ენერგეტიკის ფაკულტეტის  დეკანი და  პროფ. სიმონ ნემსაძე. 

კოორდინატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საკუთარ უნივერსიტეტზე. განხილული იქნა თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ხელშეწყობით მიმდინარე საგრანტო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ამ კუთხით, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრაზე თურქებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებაც სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პანდემიის პირობებში.

შეხვედრის დასასრულს, ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა თურქ სტუმრებს დაათვალიერებინეს ფაკულტეტზე არსებული ლაბორატორიები.

მობილობის ფარგლებში, ახალგაზრდა თურქ კოლეგებს, ასევე,  შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.

აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თურქულ უნივერსიტეტთან სტუ 2015 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.

 

სიახლეებში დაბრუნება