Erasmus+ - სტუ-ს წარმომადგენელთა მობილობა სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით, ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში









11/29/2021 2021 წლის 19-23 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთში, ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitatea Politehnica Timișoara).

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ანა კობიაშვილი და ალექსანდრე ლაბაძე შეხვდნენ რუმინელ სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებთანაც ისაუბრეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა დისციპლინის სწავლების მეთოდების შესახებ. ანა კობიაშვილმა მათ წარუდგინა მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების სწავლების მისეული ინტერპრეტაცია და განიხილა ამ საგნის ბმა სხვა სასწავლო დისციპლინებთან,  ალექსანდრე ლაბაძემ კი - ბიოსამედიცინო ინჟინრის როლი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების ხარისხის მონიტორინგის, დაგეგმარებისა და გაუმჯობესების საკითხებში. ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა რუმინელ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე, გააცნო საქართველოში პირველი, ISO 17020 სერტიფიცირების მქონე, სამედიცინო აპარატურის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპები, მისი როლი ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის საერთაშორისო ჯგუფის უფროსი მარიკა ზვიადაძე შეხვდა ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს, კლაუდიუ აბულესკუს, კომუნიკაციებისა და უცხოურ ენათა დეპარტამენტის უფროსს, კლაუდია სტოიანს. ისაუბრეს ახალი პროექტების შემუშავებაზე, ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირის გაღრმავებაზე, ევროპის უნივერსიტეტებში სტუდენტების მიერ დაგროვებული კრედიტების საქართველოში აღიარებაზე. მარიკა ზვიადაძემ რუმინელ კოლეგებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ. მან საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორს, დიანა ბალს-დიაკონესკუს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დიანა ბალს-დიაკონესკუმ რუმინეთში მობილობით მყოფი ქართველი სტუდენტების მიმართ გამოიჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთი სტუდენტი კოვიდ 19-ით დაავადდა.

სტუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა 2017 წელს დამყარდა - გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, შემდეგ კი ხელი მოეწერა ინტერინსტიტუციურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, სტუ-ის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების საშუალება ეძლევათ.

 

სიახლეებში დაბრუნება