Erasmus+ - სალექციო კურსი ტრადიციული ქართული პროდუქტის მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ ასპექტებზე ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში









11/24/2021

2021 წლის 25-29 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტ. პროფ. თამარ საჩანელი და ასისტ. ელენე სორდია, Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში სწავლების მიზნით, ეწვივნენ პროექტის კოორდინატორ პორტუგალიის ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ((Instituto Politécnico de Beja) და მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში - „აგრარული, სასურსათო ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის ინჟინერია: აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და ხმელთაშუა ზღვის პერსპექტივები“.

საერთაშორისო კვირეულის ღონისძიების ფარგლებში 15 მონაწილე ეწვია ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს: საქართველოდან (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), სომხეთიდან (სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი), ბოსნია და ჰერცეგოვინადან (ბანია ლუკას უნივერსიტეტი და სარაევოს უნივერსიტეტი), უკრაინიდან (ოდესის სასურსათო ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია) და ჩეხეთის რესპუბლიკიდან (თომას ბატას უნივერსიტეტი ზლინში).

სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევრებმა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს სასწავლო აქტივობებში. მათ ჩაატარეს პრეზენტაციები და სემინარები სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის აგრარული სკოლის, კერძოდ, სასურსათო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების, აგრონომიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის დეპარტამენტებისთვის. სემინარები ეხებოდა "ტრადიციული ქართული ყველის" და "ქართული ღვინის" მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ ასპექტებს.

ტექნიკურ და სამეცნიერო ვიზიტების დროს, პროფ. მარია ჟოაო კარვალომ (ERASMUS სასურსათო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სტუდენტების კოორდინატორმა) ქართველ კოლეგებს აჩვენა სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის კვლევითი ცენტრი, აგრარული სკოლის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია სპეციალიზებული აპარატურით, რაც თანამედროვე კვლევითი ამოცანების შესრულების საშუალებას იძლევა სასურსათო ტექნოლოგიებისა და აგრარული მეცნიერებების სფეროში.

მიკრობიოლოგიის ლაბორატორია ატარებს კვლევებს ტრადიციული ყველიდან მიკროორგანიზმების, როგორც პრობიოტიკური სტარტერი კულტურების გამოყოფასა და იდენტიფიკაციაში. ქიმიურ ლაბორატორიას აქვს აკრედიტაცია ISO 17025-ში და ახორციელებს წყლისა და ნიადაგის სხვადასხვა ანალიზებს, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო კვლევას ჩამდინარე წყლების გასუფთავებაში ქიმიური ნალექის პროცესებით და ჰაერიდან CO2-ით განეიტრალებით. ასევე, აქვთ აერობული ბიოდეგრადაციის ეროვნული პატენტი.

სემინარების გარდა, სამუშაო შეხვედრები გაიმართა აგრარულ სკოლაში. შეხვედრებზე განიხილეს პროფ. მარია ტერეზა სანტოსთან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები კვლევით საქმიანობაში მიკრობიოლოგიის მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია ტრადიციული ყველის პრობიოტურ მიკროორგანიზმებთან.

საგულისხმოა, რომ ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პროფ. ანაბელა ამარალის მიერ ჩატარდა კვლევა ღვინის დამზადების ტექნოლოგიის, რომელიც მსგავსია ქართული ,,ქვევრი''-ს. პორტუგალიელმა პროფესორმა გამოთქვა სურვილი გამოექვეყნებინა ერთობლივი პუბლიკაცია ალენტეჟოს და საქართველოს ღვინოებზე, ადგილწარმოშობის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მობილობის საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მოიცავდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ორგანიზებული იყო ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიერ. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, მოენახულებინათ ბოტანიკური მუზეუმი, ასევე, Herdade da Figueirinha-ს პლანტაცია, რომელიც 1998 წელს შეიძინა ლეონელ კამეირინიამ. Figueirinha აქტიურად აწარმოებს ღვინოს და ზეითუნის ზეთს. მათ სტუმრებს აჩვენეს ზეითუნის ზეთისა და ღვინის მომზადების ტექნოლოგია.  ღვინის დუღილისთვის გამოყენებული ჭურჭელი არის მუხის კასრები და კვერცხის ფორმის თიხის ქოთნები, ხოლო ფერმენტაცია მიმდინარეობს მიწის ზემოთ. სპეციალური ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ALQUEVA DAM AND REZERVOIR-ს, პორტუგალიაში ყველაზე დიდ ჰიდრო-სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციას, რომელმაც გააუმჯობესა სარწყავი სისტემა ალენტეჟოს რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლების მიზნით სტუ-ს თანამშრომლების პირველმა მობილობამ წარმატებულად ჩაიარა და საფუძველი ჩაუყარა ნაყოფიერ თანამშრომლობას ქართველ და პორტუგალიელ კოლეგებს შორის.


 

სიახლეებში დაბრუნება