Erasmus+ - სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომლის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში









11/22/2021

2021 წლის 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია Erasmus+ გაცვლითი პროექტის (KA107 აქტივობა) ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მიზნით, პროექტის კოორდინატორ აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტს (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონკარაჰისარი, თურქეთი) სტუმრობდა.

ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში დაესწრო საერთაშორისო კვირეულს, სადაც, ასევე, იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის საჯარო და საქმიანი  შეხვედრები, ვორკშოპები და პრეზენტაციები.

პროგრამის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა თურქული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებთან და ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკადემიურ და ადმინისტრაციულ მობილობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ასოც. პროფ. გითოლენდია, სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფ. აიჰან ეროლის მასპინძლობით სტუმრობდა ფაკულტეტზე არსებულ ლაბორატორიებსა და სასწავლო ცენტრებს; დაესწრო ახალგაზრდა მკვლევრების პრეზენტაციებს, სადაც, ასევე, განხილულ იქნა ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების თურქეთში სწავლის, Erasmus+ და სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო საპროექტო წინადადებების მომზადებისა და სასწავლო მობილობის შესაძლებლობები. ზემოთ დასახელებულ ყველა შეხვედრაზე ბორის გითოლენდიას მიერ წარდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება