Erasmus+ - სტუ-ს გრანტების მომსახურების ოფისის თანამშრომლის მობილობა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში









11/15/2021 2021 წლის 18-22 ოქტომბერს, ევროკავშირის Erasmus+ Training Mobility (KA107) პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულის, გრანტების მომსახურების ოფისის თანამშრომელი ლუკა ქემოკლიძე ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (Instituto Politécnico de Beja) ეწვია.

მობილობის პერიოდში სტუ-ს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო თანამშრომელთა კვირეულში (Staff Week), წარადგინა პრეზენტაცია ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შესახებ. ღონისძიების მონაწილეები, ასევე, დაესწრნენ ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის და სხვა მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს. პერსონალის კვირეულის ფარგლებში აქტივობები, აგრეთვე, მოიცავდა მასპინძელი ინსტიტუტის ლაბორატორიებსა და ინკუბატორში ვიზიტებს.

მობილობის მიმდინარეობისას გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და Erasmus+ ოფისებში. შეხვედრებზე განხილულ იქნა საკითხები ახალ  პროგრამებში, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამებში საერთო თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს, ზოგადად, საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და ამ პირობებში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო აქტივობებზე.  
აღსანიშნავია, რომ მობილობის საკმაოდ დატვირთულ სამუშაო პროგრამაში გათვალისწინებული იყო ბეჟას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც, პორტუგალიაში მობილობის პერიოდში მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ ქალაქის ტურში და ოფიციალურ, ტრადიციულ სადილში.

 

სიახლეებში დაბრუნება