ERASMUS+ - სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის მობილობა კორდობას უნივერსიტეტში









11/12/2021


2021 წლის 24 აპრილიდან 1 მაისამდე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფ.მარიამ ჯიქია Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მიზნით, მობილობით იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორ, ესპანეთის კორდობას უნივერსიტეტში.

აღნიშნული მობილობის ფარგლებში, კორდობას უნივერსიტეტთან შეთანხმებით დაგეგმილი იყო გარკვეული ღონისძიებები, თუმცა პანდემიის გამო ეს ღონისძიებები ჩანაცვლდა ინდივიდუალური სამუშაო ვიზიტებით.

მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან: დეპარტამენტის უფროსთან და  გაცვლითი პროგრამის კოორდინატორ კონჩა კასტეინერა მადრიდთან სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა კორდობას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობით წასულის სტუ-ს სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მაჩვენებლები და შედეგები, როგორც დადებითი, ისე გასაუმჯობესებელი მხარეები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია სტუ-სა და კორდობას უნივერსიტეტებს შორის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების გასაგრძელებლად. ასევე, კრედიტების აღიარების საკითხი და ის სირთულეები, რომელიც შეიძლება ახლდეს ამ პროცესს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა, ასევე, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი ლუის მირანდა გარსია, დეკანის მოადგილე სანდრა სანჩეს კანისარესი, ასევე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და სამართლის პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური თანამშრომლები.

შეხვედრების დროს განისაზღვრა ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ფაკულტეტის ურთიერთთანამშრომლობის პროცესს და უფრო ინტენსიურს გახდის ინტერნაციონალიზაციის პროცესს:

• ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების დაგეგმვა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. აღნიშნული კონფერენციების ჩატარების მეთოდი განისაზღვრება პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ონლაინ რეჟიმში, მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში კი - ადგილზე;

• ერთობლივი კვლევითი პროექტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები.

• ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც დარგის სპეციფიკისა და, ასევე, სხვადასხვა სახის რეგულაციების გამო, სასურველია, რომ იყოს ინტერდისციპლინარული, რათა ორივე ქვეყნის კანონმდებლობას შეესაბამებოდეს.

 

სიახლეებში დაბრუნება