ინსტიტუტი ტექინფორმი - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის UN FAO-ს საინფორმაციო სისტემების (AGRIS, AGROVOC) შესახებ პრაქტიკული სემინარი









10/16/2021 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი, FAO-ს მხარდაჭერით, ატარებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის UN FAO-ს საინფორმაციო სისტემების (AGRIS, AGROVOC) შესახებ სემინარ/სწავლებას.

სემინარი/სწავლების მიზანია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის FAO-ს საინფორმაციო სისტემების გამოყენების, მისი მართვის პრინციპების გაცნობა და, ასევე, ქვეყნის აგროსფეროს სამეცნიერო მიღწევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა.

სემინარი/სწავლება განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სფეროს აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სპეციალისტებისათვის, სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

განხილული იქნება AGRIS-ის სისტემაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო შრომების ძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, ინფორმაციის განთავსების პრაქტიკული საკითხები, ჩანაწერების დახარისხება, მათი სტანდარტიზაცია, და აგრეთვე სამეცნიერო პროდუქციის აღწერისათვის თეზაურუს AGROVOC-ის გამოყენების შესახებ.

სემინარ/სწავლებას გაუძღვებიან და პრეზენტაციას ჩაატარებენ ნელი მახვილაძე (ინსტიტუტის დირექტორი) და მარინა რაზმაძე (დირექტორის მოადგილე).

ამასთან, ტექინფორმი კონსულტაციას გაუწევს ინფორმაციის ახალ მიმწოდებლებს (პროვაიდერებს), რომ დარეგისტრირდნენ FAO AGRIS-ის სისტემაში და უშუალოდ განათავსონ ინფორმაცია თავიანთი სამეცნიერო პროდუქტის შესახებ.

სემინარში ჩაერთვებიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს წარმომადგენლები ძირითადი ოფისიდან.

სემინარის მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები.

ვებინარზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ წინასწარ ბმულზე, რომლიე შემდეგაც მიიღებენ დამადასტურებელ წერილს და საჭირო რეკვიზიტებს დარეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე.

საკონტაქტო პირები:

razmadze.m@gtu.ge, მარი რაზმაძე (593 636233) 
nellym@gtu.ge, ნელი მახვილაძე (599 541416)

აღსანიშნავია, რომ FAO AGRIS - გაეროს სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემა - მრავალენოვანი ბიბლიოგრაფიული მონაცემების ბაზაა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული კვლევის შედეგებსა და ტექნიკური ინფორმაციის მდიდარ კოლექციაზე ხელმისაწვდომობას. AGRIS-ში განთავსებული რეფერატები და სტატიები ხილვადია Google Scholar-ში. 
AGRIS-ში ჩანაწერები ინდექსდება FAO-ს მრავალენოვანი თეზაურუს AGROVOC-ის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ზუსტ იდენტიფიცირებას, სტანდარტიზებულ ინდექსირებას და ეფექტური ძიების ჩატარებას.

AGROVOC - წარმოადგენს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ურთიერთდაკავშირებული ცნებების ჰაბს. ის არის კონტროლირებადი ლექსიკონი და თეზაურუსი, რომელიც მოიცავს FAO-ს საქმიანობის ყველა სფეროს, აადვილებს სისტემის მონაცემების სტანდარტიზებას და მათი ძიების პროცესს. ამჟამად AGROVOC აერთიანებს 37 500-ზე მეტ ცნებას და 800 000-ზე მეტ ტერმინს 40-მდე ენაზე (მათ შორის ქართულზე), რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიძიოს მონაცემები საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნილების მიხედვით.

სტუ-ს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი ინსტიტუტი ტექინფორმი 2000 წლიდან წარმოადგენს AGRIS-ის ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2020 წლიდან ინფორმაციის მიმწოდებლების ეროვნულ ჰაბს.

ინსტიტუტი სისტემატურად აწვდის აღნიშნულ სისტემას საქართველოს სამეცნიერო შრომების (პუბლიკაციები, კონფერენციების მასალები, მონოგრაფიები, კვლევები და ა.შ.) რეფერატებსა და სტატიებს. დღეისათვის სისტემაში განთავსებულია 2000-ზე მეტი ჩანაწერი.

ტექინფორმი არის თეზაურუს FAO AGROVOC-ში ქართული ტერმინების ერთადერთი მიმწოდებელი და 2016 წლიდან თეზაურუსის სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად თეზაურუსში ტექინფორმის მიერ განთავსებულია სულ 35 ათასამდე ქართული ტერმინი.

ინსტიტუტი არის FAO-ს წყლის მეცნიერებისა და მეთევზეობის სისტემის (მონაცემთა ბაზის) ASFA-ს ასოცირებული პარტნიორი, თანამშრომლობს GODAN-თან.

ტექინფორმში განთავსებულია FAO-ს ეროვნული სადეპოზიტო ბიბლიოთეკა.

 

სიახლეებში დაბრუნება