Erasmus+ დღეები - შეხვედრა სტუდენტებთან და თანამშრომლებთან









10/15/2021

სტუ უერთდება Erasmus+ დღეებს, რომელიც 14, 15 და 16 ოქტომბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. #Erasmusdays

15 ოქტომბერს, Erasmus+ დღეების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინსაინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.


საერთაშორისო ურთიერთოების დეპარტამენტის უფროსმა პროფ. დევი ხვედელიანმა ისაუბრა ინტერნაციონალიზაციის პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის Erasmus+ პროგრამის მნიშვნელობაზე უნივერსიტეტში.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალბატონმა მარიკა ზვიადაძემ და ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს Erasmus+ პროექტების განხორციელების დროს პანდემიის პირობებში წარმოქმნილ სირთულეებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა და თანამშრომლებმა, რომლებმაც ისარგებლეს Erasmus+ გრანტით. სტუდენტებმა: ანა ტაკაშვილმა (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი), გიორგი კუპატაძემ (სამშენებლო ფაკულტეტი), ზეზვა ზვიადაძემ (აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი) და ასოც. პროფ. ნინო ხოლუაშვილმა (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი) და ასოც. პროფ. ოთარ ბაღათურიამ (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) თავიანთ მეგობრებსა და კოლეგებს გაუზიარეს Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება და უცხოეთის უნივერსიტეტებში მიღებული შთაბეჭდილებები.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რასაც აღნიშნული პროგრამა სთავაზობს როგორც სტუდენტებს, ისე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს.

აღინიშნა ის სირთულეებიც, რომლებიც წარმოიქმნა მობილობის პერიოდში, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში და განხილული იქნა ამ სირთულეების დაძლევის საშუალებები.

შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთი სერვისების, მოქნილი მექანიზმების შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტიდან წასული და უნივერსიტეტში შემოსული მობილობის ნაკადების გაზრდას როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად; სტუ-ში Erasmus+ პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პროგრამაში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების მეტ აქტიურ ჩართულობას, რაც. თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილად დაეხმარება ინტერნაციონალიზაციის პროცესის შემდგომ განვითარებას უნივერსიტეტში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროგრამაში და ევროკომისიის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობებს, ინსტიტუციონალური განვითარების პროექტებს, ჟან მონესა და სხვა პროგრამებს.

 

სიახლეებში დაბრუნება