Erasmus+ - სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის მობილობა ალკალას უნივერსიტეტში









10/04/2021

სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი გიორგი აგირბაია Erasmus+ გაცვლითი პროგრამით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იმყოფებოდა მადრიდში, ესპანეთში, სადაც ის პროექტის კოორდინატორი ალკალას უნივერსიტეტის (Universidad de Alcalá) პროფესორების ხელმძღვანელობით ახორციელებდა კვლევას საჯარო ადმინისტრირების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ.

ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა კვლევის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ხელმძღვანელებთან და ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რათა გამოეკვლია საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმების მიმდინარეობა, ასევე, საუკეთესო მაგალითები და პრაქტიკები.

გიორგი აგირბაია აღნიშნავს: „Erasmus+ დამეხმარა ადგილზე გავცნობოდი ციფრული საჯარო ადმინისტრირების საუკეთესო მაგალითებს, მემუშავა უცხოელ პროფესორებთან ერთად, რათა უფრო მეტი ღირებული მეცნიერული სიახლე შემომეტანა სადოქტორო ნაშრომში. დამემყარებინა საქმიანი კავშირები შემდგომი თანამშრომლობისთვის სამეცნიერო კვლევების კუთხით და პანდემიის მიუხედავად ძალიან პროაქტიური ერასმუსული მოგზაურობა გამომივიდა ერასმუსის ქსელის წევრ უცხოელ სტუდენტებთან ერთად ესპანეთის ისტორიულ-კულტურულ ქალაქებში მადრიდი, ტოლედო, ალკალა დე ჰენარესი, გვადალახარა, არანხუესი.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიგელ დე სერვანტესის სახლ-მუზეუმმა და იმ ქალაქმა, სადაც მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, ასევე, მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს, პრადოს, სოფია რეინას და სხვა მუზეუმმა, ცალკე დიდი სიამოვნებაა მადრიდის ვიწრო გამორჩეული არქიტექტურის ქუჩებში სეირნობა, ესპანური სამზარეულოსთანაც დავმეგობრდით, რა თქმა უნდა, მენიუს უცვლელი ნაწილი გახლდათ სანგრია და ტინტო დე ვერანო. მადრიდში მოგზაურობა ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ნაწილობრივ ავიხდინე და იმედი მაქვს შემდეგში ელ-კლასიკოსაც დავესწრები. დიდხანს გამომყვება მანდ გატარებული დღეები და ასევე ძალიან ღირებული საერთაშორისო გამოცდილება. 

განსაკუთრებული დიდი მადლობა სტუ-ს ადმინისტრაციას და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე, ალკალას უნივერსიტეტს, პროფესორ მიგელ კამბას და დოქტორ როდრიგო რეის, ქართველ ემიგრანტებს გულთბილი მასპინძლობისთვის”.


 

სიახლეებში დაბრუნება