Erasmus+ - ტრეინინგის მიზნით თანამშრომლის მობილობა ტორუნის ნიკოლაუს კოპერნიკუსის უნივერსიტეტში









09/14/2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და პოლონური ტორუნის ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტი 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ საერთაშორისო მობილობის მიმართულებით ევროკავშირის Erasmus+ Training Mobility (KA107) პროექტის ფარგლებში. 2021 წლის 21-25 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტი, დოქტორანტი ილია კუნჭულია Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ჩასატერებლად და ნიადაგების კლასიფიკაციაში საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად მობილობით იმყოფებოდა ტორუნის ნიკოლაუს კოპერნიკუსის უნივერსიტეტში (Nicolaus Copernicus University in Toruń) (ტორუნი, პოლონეთი).


ერაზმუს+ სამეცნიერო პერსონალის მობილობის გეგმის გათვალისწინებით, გაღრმავდა თანამშრომლობა უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებს შორის და შედეგად 2021 წლის ივლისში დაიგეგმა პოლონური მხარის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. გარდა ამისა, დაისახა სამომავლო გეგმები, მათ შორის ნიადაგების გარშემო ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.


ვიზიტის ფარგლებში ილია კუნჭულიამ მონაწილეობა მიიღო ნიადაგების კლასიფიკაციის ინტენსიურ საველე ვორკშოპში, რომელსაც უძღვებოდა მარჩინ სვიტონიაკი (Marcin Świtoniak). საველე სამუშაოები და ნიადაგის კლასიფიკაცია WRB (World Reference Base for Soil Resources, IUSS 2015) სისტემის გამოყენებით განხორციელდა. კლასიფიკაციის ეს სისტემა ეფუძნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ნიადაგის მსოფლიო რუკების ლეგენდას და წარმოადგენს ნიადაგმცოდნეობის „საერთაშორისო ენას“ (Lingua Franca). ვორკშოპის ფარგლებში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა პოლონელ და სხვა საერთაშორისო კოლეგებს გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება საქართველოში ნიადაგების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით, კონკრეტულად, კი, გენეტიკური ჰორიზონტების დიაგნოსტიკურ ჰორიზონტებად ინტერპრეტაციის გადაწყვეტებს მცირე კავკასიონის თრიალეთის ქედის მაგალითზე.

ვიზიტის პერიოდში აქტივობები მოიცავდა როგორც უნივერსიტეტის ფაკულტეტსა და ლაბორატორიებში ვიზიტებს, ისე საქართველოში ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზების თანამედროვე მიდგომებთან არსებული გამოწვევების შესახებ გამოცდილების გაზიარებას. დოქტორმა პიოტრ ჰულცმა (Piotr Hulis), რომელიც ფაკულტეტის ნიადაგების ლაბორატორიებს ხელმძღვანელობს, ქართველ კოლეგას დაათვალიერებინა ყველა ლაბორატორია, მათ შორის, მიმდინარე სამუშაო პროცესები წარმართული როგორც მკვლევარების, ისე სტუდენტების მიერ. ასევე, საუბარი შეეხო ახალი ცოდნისა და გამოცდილების ჩამოტანას საქართველოში ნიადაგის ორგანული ნახშირბადის ლაბორატორიულ მეთოდებთან დაკავშირებით.

კულტურულ ნაწილში, ერთი დღე განხორციელდა ვიზიტი პოლონურ ვენახში, სადაც სამ ადგილზე ნიადაგის გამოკვლევის შემდეგ, მასპინძელი მევენახე სტუმპრებს გაუმასპინძლდა ადგილობრივი ღვინის 4 სახეობით, ასევე, მოუყვა ვენახის ისტორია, რომელიც 2010 წელს გაშენდა მდინარე ვისტულას ნაპირებზე და რეგიონში სიძველით მეორეა.

საერთო ჯამში, შეხვედრამ ჩაიარა წარმატებით და ძალიან ნაყოფიერად. გამოიკვეთა, რომ მეტი სამუშაოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამეცნიერო და სასწავლო დანიშნულების ადგილის საერთაშორისო მკვლევარებისა და სტუდენტების გასაცნობად, განსაკუთრებით, კი, ნიადაგმცოდნეობის სფეროში, რადგანაც ჩვენი უნიკალური მრავალფეროვნება საშუალებს იძლევა, განხორციელდეს მრავალი კვლევა და საველე ღონისძიება.

 

სიახლეებში დაბრუნება