Erasmus+ - სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით თანამშრომელთა მობილობა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში









05/30/2021 2021 წლის 17-21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა, ამავე ფაკულტეტის ასისტენტი თამარ საჩანელი და საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სალექციო კურსის წასაკითხად და ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მიზნით, მობილობით იმყოფებოდნენ პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Poznań University of Life Sciences - PULS) (პოზნანი, პოლონეთი).

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა პოლონეთის უნივერსიტეტის სურსათის მეცნიერებისა და კვების ფაკულტეტის ბიოტექნოლოგიისა და სურსათის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარეს ონლაინ პრეზენტაციები და ლექციები. ლექციების თემატიკა მოიცავდა მოკრობიოლოგიურ ასპექტებს ქართული პურის, ღვინისა და ყველის წარმოების პროცესში და, ასევე, განხილული იქნა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირული გამოწვევები COVID-19 პანდემიის პირობებში.

პროექტის გეგმის ფარგლებში, სტუ-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს ბიოტექნოლოგიისა და სურსათის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი. ეს არის პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კვლევითი განყოფილება.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პროფ. რომან მარეჩიკმა (Roman Marecik ) ქართველ კოლეგებს დაათვალიერებინა დეპარტამენტში არსებული მნიშვნელოვანი ლაბორატორიები: საპილოტე ქარხანა, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, გენეტიკის ლაბორატორია, ცხოველური და ადამიანური წარმოშობის უჯრედების და ქსოვილების ლაბორატორია, ქრომატოგრაფიის ლაბორატორია და ნაკადური ციტომეტრიის ლაბორატორია.

საპილოტე ქარხანა ბიოტექნოლოგიისა და სურსათის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიებიდან უდიდესია და აღჭურვილია სპეციალიზებული ინსტრუმენტებით, რაც საშუალებას აძლევს, შეასრულოს თანამედროვე კვლევითი ამოცანები ბიოტექნოლოგიისა და ბიოპროცესორული ინჟინერიის სფეროში.

მიკრობიოლოგიის ლაბორატორია მონაწილეობს საკვებისა და გარემოს ნიმუშებიდან მიკროორგანიზმების იზოლირებასა და იდენტიფიკაციაში და მიკრობების სპეციფიკური მეტაბოლური მახასიათებლების განსაზღვრაში. აქ ასევე განისაზღვრება ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკრობული ხარისხი და აქტივობა.

გენეტიკის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევა დაკავშირებულია მიკრობიოლოგიასთან და ბიოტექნოლოგიასთან, რომელიც ხორციელდება მოლეკულურ დონეზე.

ცხოველური და ადამიანური წარმოშობის უჯრედები და ქსოვილები ბევრ გამოყენებას პოულობენ მეცნიერების მრავალ სფეროში. მათ მზარდი გამოყენება გამოავლინეს ციტოტოქსიურობის, ბიოშეღწევადობის და წამლების, კოსმეტიკური და საკვები კომპონენტების ბიოლოგიური აქტივობის ანალიზში.

ქრომატოგრაფიის ლაბორატორია და ნაკადური ციტომეტრიის ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი ხარისხის ტექნიკით. რაც საშუალებას იძლევა შესრულდეს თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის ფართო სპექტრი.

ბიოტექნოლოგიისა და სურსათის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ეხება მიკროორგანიზმებისა და მათი მეტაბოლიტების ანტიმიკრობული მოქმედების პრობლემებს, პრობიოტიკულ ბაქტერიებს და მათ გავლენას ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე და, ასევე, მიკროორგანიზმების მყარ ზედაპირზე მიმაგრებას, ხოლო ბიოპროცესების ინჟინერიის სფეროში გათვალისიწნებულია რძემჟავას წარმოების ოპტიმიზაცია, ბიოპრეპარატების წარმოება ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების მიზნით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ექსტრაქციის პროცესები.

ლექციების პარალელურად, პოზნანის უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სურსათის მეცნიერებისა და კვების ფაკულტეტზე, დეკანის, პროფ. ბოჟენა დანილუკის (Bożena Danyluk) მასპინძლობით. ასევე, შეხვედრები პროექტების დეპარტამენტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და Erasmus+ ოფისებში, სადაც სტუ-ს წარმომადგენლებმა პოლონელ კოლეგებთან ისაუბრეს ზოგადად საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და ამ პირობებში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო აქტივობებზე.

ფაკულტეტის დეკანთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განხილული იქნა ერთობლივ კვლევით აქტივობებთან დაკავშირებული საკითხები და, ასევე, ერთობლივ პუბლიკაციებზე მუშაობის შესაძლებლობები.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენელმა, როგორც ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა გამართა სამუშაო შეხვედრები პოლონური უნივერსიტეტის პროექტების დეპარტამენტსა და Erasmus+ ოფისში. ის შეხვდა PULS პროექტების დეპარტამენტის უფროსს, ქ-ონ კატარჟინა ტშეციაკს (Katarzyna Trzeciak), ინსტიტუციონალურ კოორიდნატორს, პროფ. ვლოდიმეჟ ნოვაკს (Włodzimierz Nowak), მთავარ სპეციალისტებს, ქ-ონ ჯოანა პიეტრჟაკსა (Joanna Pietrzak) (საკონტატო პირი ორმხრივ ხელშეკრულებებსა და მომსვლელ მასწავლებლებთან დაკავშირებით) და ქ.-ონ ანეტა დაკს (Aneta Dach) (საკონტაქტო პირი მომსვლელ სტუდენტებთან დაკავშირებით).

პროექტების დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე იმსჯელეს ახალ Erasmus+ პროგრამაში თანამშომლობის გაგრძელების შესახებ. განხილული იქნა მოსამზადებელ საპროექტო განაცხადში სამეცნიერო დისციპლინების გაფართოებასთან დაკავშირებული დეტალები. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 2 სამეცნიერო მიმართულება: თავდაპირველად სატყეო, რომელსაც შემდგომ დაემატა კვების ტექნოლოგია. სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა სამომავლოდ მობილობის პროექტში ისეთი სამეცნიერო მიმართულებების დამატების შესაძლებლობები, როგორიცაა აგრონომია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ლანდშაფტური არქიტექტურა, ხის დამუშავების ტექნოლოგია (ავეჯის დიზაინი), მანქანათმშენებლობა და სხვ.

ქ-ონ ჯოანა პიეტრჟაკთან სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში სპეციფიკური მოკლევადიანი სასწავლო კურსების განხორციელების შესაძლებლობასაც ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ასევე, განხილული იქნა მიმდინარე მობილობის პროექტის ფინალური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ მობილობის საკმაოდ დატვირთულ სამუშაო პროგრამაში გათვალისწინებული იყო პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც და პოლონეთში მობილობის პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის დენდროლოგიური ბაღი, კორნიკის დენდრარიუმი, როგალინის სასახლე თავისი ცნობილი უძველესი მუხის ხეივნით, თანამედროვე მუზეუმი - ისტორიული მემკვიდრეობის ინტერაქტიული ცენტრი Brama Poznania, და სხვ.

საგულისხმოა, რომ პოზნანის სიცოხცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტთან საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტი 2016 წლიდან მოყოლებული წარმატებით თანამშრომლობს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. განსაკუთრებით ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობები პოლონელ კოლეგებთან სტუ-ს გრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა დაამყარა.

პოლონური უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე Erasmus+ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და თანამშრომელთა არაერთი წარმატებული მობილობა განხორციელდა.


 

სიახლეებში დაბრუნება