Erasmus+ - სტუ-ს სტუდენტების წარმატებები ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში









05/27/2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Erasmus+ სტუდენტებმა პორტუგალიელი ახალგაზრდებისთვის სტუ-სა და საქართველოს შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს.


აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამეკურსელი სტუდენტები ლევან ჯაფარიძე და ზეზვა ზვიადაძე Erasmus+  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) აგრძელებენ სწავლას 2020/21 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

პორტუგალიელმა კოლეგებმა სტუ-ის სტუდენტებთან დაკავშირებით უკვე ორჯერ გამოგზავნეს მადლობის წერილი ტექნიკურ უნივერსიტეტში. „ლევან ჯაფარიძემ და ზეზვა ზვიადაძემ რამდენიმე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს. პორტუგალიელ და სხვა ევროპელ სტუდენტებს გააცნეს თავიანთი ქვეყანა და მშობლიური უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვართ, არაერთი თანამშრომელი თუ სტუდენტი დაინტერესდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტით და ეწვევა თბილისს“, - აღნიშნავენ ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები. პორტუგალიელი პროფესორები აღფრთოვანებული არიან ქართველი სტუდენტების ჩართულობით ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის კულტურულ და სოციალურ აქტივობებში და, რასაკვირველია, მათი აკადემიური მოსწრებით.

როგორც ქართველი სტუდენტები აღნიშნავენ, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობას ევროპელი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტით დიდად დაინტერესდნენ არა მარტო პორტუგალიელები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები. ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენი პრეზენტაციები, ასე თუ ისე, გააცნობს მათ იმ შესაძლებლობებს, რისი მიცემაც შეუძლია ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

როგორც ზეზვა ზვიადაძემ აღნიშნა, ქართული კულტურისა და ჩვენი უნივერსიტეტის პოპულარიზაცია მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული რამდენიმე პრეზენტაციით არ ამოწურულა. „უცხოელი სტუდენტები გამუდმებით გვეკითხებიან ჩვენი უძველესი ისტორიის, ენის, დამწერლობის შესახებ. აინტერესებთ, ასევე, სტუ-ის სასწავლო პროგრამები, ინგლისურენოვანი კურსები, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას, იქნება ეს ტურისტულად თუ სასწავლო ვიზიტით“, - აღნიშნა მან.

ზეზვა ზვიადაძე სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტია. აკადემიურ კოორდინატორებთან, პროფესორებთან, მარია ჟოაოსა და ჟოაო დიასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც აწარმოებენ ქართულ პროდუქტს - ჩურჩხელას და იკვლევენ მის ქიმიურ შემადგენლობას, რეოლოგიურ თვისებებსა და სხვა. მათი მთავარი მიზანია, შექმნან ჩურჩხელის 100 პროცენტით ნატურალური, თანამედროვე, დახვეწილი ვარიანტი „ეკოლოგიურად მეგობრული“ შეფუთვით.

აგრონომიული მიმართულების სტუდენტი ლევან ჯაფარიძე, სასწავლო და სოციალურ აქტივობებთან ერთად, ჩართულია ინსტიტუტის სპორტულ ცხოვრებაში. იგი, როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, შეუერთდა  კალათბურთის ადგილობრივ გუნდს. უკვე აქტიურად მონაწილეობს სპორტულ ღონისძიებებში და მწვრთნელის მხრიდანაც დიდ მოწონებას იმსახურებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ორ ინსტიტუციას შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე, ქართველ და პორტუგალიელ სტუდენტებს, ასევე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს ერაზმუს+ გაცვლით პროექტში მონაწილეობის საშუალება აქვთ. ამ პროექტით უკვე რამდენიმე სტუდენტმა და პროფესორმა ისარგებლა.

ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი  აერთიანებს ოთხ სკოლას, ესენია სოფლის მეურნეობის კოლეჯი, განათლების სკოლა, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სკოლა და ჯანდაცვის სკოლა. ინსტიტუტში 3500 სტუდენტი სწავლობს. ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი  ორიენტირებულია ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დამსაქმებლებთან, ინდუსტრიასთან და სხვა ეროვნულ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარებასა და განმტკიცებაზე. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სტუდენტების დიდი ნაწილი გადის პრაქტიკულ სწავლებას, ინტეგრირებულ საქმიანობას, ან პროფესიული სწავლების დამატებით პერიოდს.

 

სიახლეებში დაბრუნება