პროექტი "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი









04/18/2021 სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 17-18 აპრილს, „დიდი იდეების კონკურსი 2021“ მონაწილეებისათვის „მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ჩატარდა. ღონისძიება COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. „მეწარმეობის 5 მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით მომზადდა. ორდღიანი პროგრამა ითვალისწინებდა სამოტივაციო და სასესიო გამოსვლებს და პრეზენტაციებს, რომელთა შინაარსი ფარავდა 5 განსხვავებულ მოდულს, კერძოდ, მეწარმეობასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა:

• მოდული 1 - მეწარმეობა და თანამედროვე გამოწვევები; 
• მოდული 2 - იდეების გენერაცია და ბიზნეს მოდელების დამუშავება; 
• მოდული 3 - გუნდური მუშაობა და სამეწარმეო გუნდის ფორმირება; 
• მოდული 4 - თანამედროვე საინფორმაციო სისტემები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესის განვითარებაზე (E-commerce); 
• მოდული 5 - ბიზნეს იდეების პრეზენტაციების სწორად მომზადება/წარდგენა.

„მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ წარმოადგენდა, „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის ერთგვარ მხარდამჭერ დამატებით ღონისძიებას. ასევე, დაიგეგმა 12 მენტორობის სესია, სადაც მონაწილეებს ტრენერები გაუწევენ შესაბამის პროფესიულ მხარდაჭერას სამეწარმეო იდეების დასახვეწად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და აკადემიურმა პერსონალმა, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, მონაწილეობა მიიღონ „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ში (დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ იხილეთ სტუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე).

ტრენინგ-კურსის შექმნის ზოგადი მიზანია, სტუ-ში შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობა სამეწარმეო ცოდნის გაზიარებისთვის, რათა კონკრეტულ შემთხვევაში ბენეფიციარებს მიეცეთ შესაძლებლობა, სრულყოფილად მოემზადონ კონკურსებისთვის, დაამუშაონ და მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ საკუთარი ბიზნეს იდეები.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge  ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

 

სიახლეებში დაბრუნება