პროექტი VitaGLOBAL - ონლაინ ვორქშოპი „უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა: საქართველოს ქეისების განხილვა“









12/20/2020

15 დეკემბერს, Erasmus+ პროგრამის VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული სემინარი/ვორქშოპი „უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა: საქართველოს ქეისების განხილვა“ ("University - Industry Cooperation: Georgian Case Studies"). Covid-19 მდგომარეობის გამო ღონისძიება ონლაინრეჟიმში (Zoom პლატფორმა) ჩატარდა.

ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს თესაუ-ს, სტუ-სა და VitaGLOBAL პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ღონისძიება გახსნა პროექტის OBREAL კოორდინატორი ორგანიზაციის პრეზიდენტმა რამონ ტორენტმა (Ramon Torrent) (ესპანეთი). ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი და აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მანანა კევლიშვილი, ხოლო სტუ-ს მხრიდან - აგრარული მეცნიერებებისა და ბიო-სისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა. მათ მიმოიხილეს უნივერსიტეტის სტრატეგია უნივერსიტეტი - საწარმოს შორის ურთიერთობებთან მიმართებით, ამ კუთხით მიმდინარე აქტივობები და არსებული მდგომარეობა.

პანელურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს აკადემიური, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ქეთევან კინწურაშვილმა; კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა დარია ხოლოდილინამ (ღვინის ტურიზმის მიმართულება); ხოლო ბიზნესსექტორიდან ვორქშოპში პანელური მოხსენებებით აქტიურად ჩაერთვნენ ცნობილი ღვინის კომპანიების „ხარებისა“ და ‘შატო მუხრანის“ უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები: ვლადიმერ ციმაკურიძე, მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი (კომპანია „ხარება“); ხარისხის მენეჯერი მაია მაღალაშვილი და ღვინის ტექნოლოგი, სტუ-ს მაგისტრანტი ქეთევან ყოჩიაშვილი (კომპანია „შატო მუხრანი“); ასევე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ზურაბ წიგნაძე.

პანელურ დისკუსიებში განხილული იქნა უნივერსიტეტი - საწარმოს შორის ურთიერთობები, მათი მნიშვნელობა ადგილობრივი განვითარებისათვის და ამასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი. კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალურად იქნა განხილული  ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა საწარმოს ჩართულობა უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესში, კვლევით საქმიანობაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი VitaGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით” – Erasmus+ საგრანტო ისტორიაში ამ ეტაპზე არსებული უნიკალური პროექტია, რომელშიც საქართველოსთან და ევროპასთან ერთად ჩართულნი არიან სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის მოწინავე უნივერსიტეტები.

პროექტი ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორები არიან როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი) და OBREAL გლობალური ობსერვატორია (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება