UNITUS ტუშას უნივერსიტეტი - ღია კარის დღე









12/11/2020

10 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომლებმა იტალიის ტუშას უნივერსიტეტის (Università degli Studi della Tuscia - UNITUS) მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეში მიიღეს მონაწილეობა.

ღია კარის დღე ონლაინრეჟიმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტუშას უნივერსიტეტის მობილობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელი კარლო კონრადო, ტუშას უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დეპარტამენტის პროფესორი სიმონე სევერინი, ანჯელა ფატორეტი და სხვები.

ღია კარის დღეს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, უზბეკეთისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტთა წარმომადგენლები.

კარლო კონრადომ, სიმონე სევერინიმ და ტუშას უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ. საუბარი შეეხო Erasmus+ პროგრამის მიმდინარე პროექტებსა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა კოლეგების შეკითხვებს უპასუხეს.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ტუშას უნივერსიტეტი რამდენიმე წელია, ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის Erasmus+ ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება სამი წლის წინ გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სტუ-ს ბაკალავრიატის 4 სტუდენტი მობილობით იმყოფებოდა იტალიურ უნივერსიტეტში 2019/2020 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრში.

გასულ წელს სტუ-ში იმყოფებოდა კვების ტექნოლოგიის მიმართულების პროფესორი ნიკოლო მერენდინო და თანამშრომლობის ერთ-ერთი ინიციატორი ანჯელა ფატორეტი, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. სტუ-ის წარმომადგენლები იტალიელი სტუმრების მიერ თბილისში ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.  

ტუშას უნივერსიტეტი მდებარეობს იტალიაში, ვიტერბოს რეგიონში. იგი 1979 წელს შეიქმნა და დღესდღეობით 6 დეპარტამენტს აერთიანებს. მასში 8000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის (EUA) წევრია და სტაბილურად იკავებს ადგილს ქვეყნის 70 პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს შორის.

 

სიახლეებში დაბრუნება