პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა ღვინის ტურიზმის სასწავლო მოდულის პრეზენტაციასთან დაკავშირებით









11/21/2020

21 ნოემბერს, ERASMUS+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში გაიმართა Zoom ონლაინშეხვედრა, სადაც აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა წარმოადგინა პროექტი VitaGLOBAL და მის ფარგლებში შემუშავებული “ღვინის ტურიზმის“ სასწავლო მოდული. 

პროფ. ჩხარტიშვილმა ვრცლად ისაუბრა პროექტის შესახებ და დეტალურად განიხილა შემუშავებული სილაბუსი და ღვინის ტურიზმის სასწავლო მოდული, მისი განვითარების ეტაპები, მოდულის შემადგენელი კომპონენტები და შესაბამისი ლიტერატურა.

პროფ. ჩხარტიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა მსოფლიოში არსებული ღვინის ტურიზმის მოდელების შესახებაც. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტით გათვალისწინებულ ღვინის საპილოტე საწარმოს შექმნაზე, რომლისთვისაც პროექტის ფარგლებში უკვე შესყიდული იქნა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და დანადგარები. პროფ. ჩხარტიშვილმა, ასევე, ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ონლაინშეხვედრას ესწრებოდნენ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის ასოც. პროფ. ლია ამირანაშვილი (აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი); ასისტენტი თამარ საჩანელი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორები არიან როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი) და OBREAL გლობალური ობსერვატორია (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება